logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: დემოკრატია ნიშნავს ჩემი კულტურის უშუალო გაგრძელებას!
- +

18 მაისი. 2016. 00:19



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია.


ქვეყნის პირველ პირს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა პოლკოვნიკმა ზაზა კახიძემ დაათვალიერებინა. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო ლიცეუმში სპორტული დარბაზი, კადეტთა საცხოვრებელი კორპუსი, კომპიუტერული ცენტრი და ბიბლიოთეკა მოინახულა, სამხედრო ლიცეუმის პედაგოგებს შეხვდა და კადეტთა სასწავლო პროცესს გაეცნო.


სამხედრო სასწავლებლის დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კადეტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა, საქართველოს ევროპულ არჩევანზე და ევროპულ ღირებულებებზე.


ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე  დემოკრატიულ რეფორმებზე.

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა კადეტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კადეტების შეკითხვები ძირითადად საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ვარშავის სამიტს, აგვისტოს ომს, რეგიონში შექმნილ  ვითარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

 

ჩვენ უნდა გადავდგათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროპული სისტემების და ევროპული სახელმწიფო წყობის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველოში არჩევნები ტარდება. არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოავლინოს თავისი ნება და ძალიან მტკიცედ დააფიქსიროს როგორ ფიქრობს ის მომავალზე, რა ხედვა აქვს მომავალთან მიმართებაში და რა ღირებულებებით უნდა მომავალი ძლიერი საქართველოს აშენება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილის  თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი ტიპის სახელმწიფო, რომელიც არ იქნება არავის მხრიდან თავსმოხვეული, და ასეთი ტიპის სახელმწიფო დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოა.


დემოკრატია ნიშნავს ჩემი კულტურის უშუალო გაგრძელებას. ჩვენი წინაპრების არჩევანი ორიენტირებული იყო ევროპისაკენჩვენ ვიყავით და ვართ ურთულესი გეოპოლიტიკური რეგიონის წარმომადგენლები, მაგრამ  ჩვენი წინაპრები ყოველთვის ახერხებდნენ, რომ აქ შეექმნათ და აეღორძინებინათ ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო ყოველთვის იყურებოდა ევროპის მიმართულებით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ლიცეუმში სიტყვით გამოსვლისას.


პრეზიდენტის განცხადებით, წელს არის უმნიშვნელოვანესი წელიწადი.


წელს არის წელიწადი, როდესაც თითოეულმა ქართველმა უნდა აჩვენოს, რომ მას ადარდებს თავის ქვეყანა და მივიდეს არჩევნებზე. აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ახალი ქვეყნის შექმნაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტს კადეტთა სასწავლებლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეივსება. პრეზიდენტს პედაგოგებმა ინფორმაცია მიაწოდეს, რომ სექტემბრიდან ლიცეუმში სწავლას გოგონებიც შეძლებენ.


პრეზიდენტთან ერთად ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner