ავტორი ალა გრიგალაშვილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი თამაზ მეჭიაური- ის ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა და მმართველი გუნდისგან (რომლის წარმომადგენელიც ჯერჯერობით თავადაც არის) განსხვავებულ მოსაზრებებს ახმოვანებს. რა გახდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მისი მხრიდან ერთგვარი ოპონირების მიზეზი მმართველი გუნდისადმი, რატომ არ მივიდა „ქართული ოცნების" IV ყრილობაზე, როდის დატოვებს პარტიას და როგორია მისი გეგმები - ამ თემებზე თამაზ მეჭიაური „რეპორტიორს" ესაუბრა.
- როდესაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უალტერნატივო მიმართულებას NATO და ევროკავშირი წარმოადგენდა. NATO-სთან დაკავშირებით ახლა რატომ გამოიკვეთა თქვენი მხრიდან გუნდისგან განსხვავებული დამოკიდებულება და ამის შესახებ თავის დროზე რატომ არ საუბრობდით?
- მოცემულობა 2012 წლიდან დღემდე შეიცვალა. გაცილებით უფრო შეცვლილია 2008 წლიდან დღემდე. ის პლებისციტი, რომლიც ჩატარდა 2008 წელს, რომელზეც აპელირებდა წინა და ახლანდელი ხელისუფლებაც, რომ ეს იყო ხალხის არჩევანი, იყო გაყალბებული, ისევე როგორც მაშინ ჩატარებული არჩევნები. ამას თავი დავანებოთ, 2008 წელს იყო აგვისტოს ომი, რომელსაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა... ჩვენ ვმონაწილეობდით და ვმონაწილეობთ ყველა იმ საერთაშორისო მისიაში, რომელსაც NATO ატარებს და სადაც საკმაოდ დიდი სამხედრო კონტინგენტი გვყავს წარმოდგენილი, ვიდრე NATO-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას. და რა ვნახეთ ომის დროს? მათი მხრიდან არანაირი დახმარება არ იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წყალი და პამპერსები მოგვაწოდეს და ფულადი დახმარება, ისიც კრედიტის სახით. ამას თუ დავუმატებთ NATO-ს წამყვანი სახელმწიფოების პირველი პირების განცხადებებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი აღარ დგება, ამან მოსახლეობაში გააჩინა ნიჰილიზმი. ეს ნიჰილიზმი კი მე ავსახე ჩემს განცხადებებში და გამოვიყენე ჩემი, როგორც დეპუტატის ტრიბუნა.
- რატომ მიიჩნევთ, რომ NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას?
- იმ ფონზე, როცა ცეცხლის ალშია გახვეული ახლო აღმოსავლეთი, სამხედრო კონფლიქტებია ჩვენს სამეზობლოსა თუ უკრაინაში, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არაერთი რუსული სამხედრო ბაზაა და ამ ფონზე, როცა შემოგვყავს NATO-ს ტანკები, ეს, ჩემი აზრით, პროვოცირების მცდელობაა, მოხდეს კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არის სავსებით ლოგიკური. ჩვენგან კიდევ ალოგიკურია ის, რომ ამ ყოველივეს ხელი შევუწყოთ. შემოჰყავთ წვრთნის საბაბით. თუ ვინმეს გაწვრთნა უნდოდათ, სადაც ტანკები იყო, იქ წაეყვანათ და იქ გაეწვრთნათ. შემოსულიყვნენ ინსტრუქტორები და გაეწვრთნათ ჯარი. ამას არც არავის გაღიზიანება მოჰყვებოდა, შედეგსაც გაცილებით მეტს მივიღებდით და დანახარჯიც ნაკლები იქნებოდა. მაგრამ ეს არ იყო მათი მიზანი. მათი მიზანი იყო, შეესრულებინათ უცხოელი პატრონების დავალება.
- NATO-სთან დაკავშირებით თუ აქვს თქვენი მსგავსი პოზიცია გუნდში სხვა წევრებსაც? გყავთ ამ კუთხით თანამოაზრეები, რომლებიც ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან?
- ასეთი საკმაოდ ბევრია, უბრალოდ, ერიდებიან ამის ღიად დაფიქსირებას, მაგრამ ამას გააკეთებენ არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ.
- ბიძინა ივანიშვილთან თუ გისაუბრიათ ამ საკითხზე და როგორია მისი პოზიცია NATO-სთან მიმართებაში?
- რა თქმა უნდა, გუშინაც ვესაუბრე და ყრილობის წინაც. ის ოპტიმისტურად უყურებს ამ საკითხს. მე არ ვიცი, რა აძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს. პატივს ვცემ მის აზრს, ისიც პატივს სცემს ჩემს აზრს...
- ევროკავშირთან დაკავშირებით ასეთივე ნიჰილისტური განწყობა გაქვთ?
- ევროკავშირთან მიმართებაში ბოლო მომენტამდე ძალიან პოზიტიურ განცხადებებს ვაკეთებდი. ამის საფუძველს მაძლევდა ის, რომ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. ასევე ველოდებოდით უახლოეს მომავალში ვიზა-ლიბერალიზაციას. მაგრამ რატომღაც ამ მიმართულებითაც ზომაზე მეტ უპატივცემულობას იჩენენ ევროკავშირის ქვეყნები ჩვენს მიმართ. მიუხედავადა იმისა, რომ ჩვენ ყველა ვალდებულება, დავალება შესრულებული გვაქვს, გვადარებენ უკრაინას, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემები აქვს და ამ მიმართულებით საკმაოდ ჩამოგვრჩება და რატომღაც მაინც ერთად განგვიხილავენ, რაც არასწორად მიმაჩნია. ჩვენ გაცილებით წინ ვართ იმ მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით, რაც ვიზა-ლიბერალიზაციისთვისაა საჭირო. რატომღაც მეორეხარისხოვან როლს გვანიჭებენ, რაც, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია და თუ არ გადახედეს ჩვენს მიმართ მიდგომას, ალბათ ჩვენც უნდა გადავხედოთ მათთან თანამშრომლობის საკითხსაც. მარტო ჩვენ ვასრულებდეთ ყველა ვალდებულებას და თუ შემხვედრი ნაბიჯები არ იქნა, ეს ქვეყნისთვის შეურაცხყოფაა.
- თქვენ აპირებთ მალე ოფიციალურად განაცხადოთ პარტია „ქართული ოცნების" დატოვების შესახებ. თუ გქონიათ საუბარი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან? ხომ არ იყო მცდელობა მისი მხრიდან, გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას?
- მე და ბატონი ბიძინა დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მასთან მქონდა საუბარი. კიდევ ვიმეორებ, მას NATO-სთან დაკავშირებით სხვა პოზიცია აქვს. შესაძლოა, მისი ოპტიმიზმი დაფუძნებულია რაიმე ინფორმაციაზე, მაგრამ მე ვერ დავინახე მისი ოპტიმიზმის საფუძველი. გამომდინარე აქედან, მე დავრჩი ჩემს აზრზე. არის საკითხები, რაზეც მხარი ბრმად დამიჭერია, რადგან მას ვენდობი, მაგრამ აქ ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ერთი შეცდომა შეიძლება გახდეს საბედისწერო. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი მისია არის, მაქსიმალურად ვცადო ეროვნული ძალების უფრო მეტად შეკავშირება, რომლებიც უფრო ამომრჩევლის ინტერესზეა გათვლილი და არა საგარეო ორიენტაციაზე და შემდგომში ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე მივაღწიოთ იმას, რომ მინიმუმ მეორე პოზიცია დაიკავოს ეროვნულმა ძალებმა, რათა ყველამ დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში NATO არაა პრიორიტეტი და ყველა მისი მხარდამჭერი არაა. დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ისე წარმოაჩენს ვითარებას, ვითომ ქვეყანაში ყველა NATO-ს მომხრეა. NATO უნდა „ქართულ ოცნებასაც", „რესპუბლიკელებსაც", „ნაციონალებსაც", „თავისუფალ დემოკრატებსაც". მოსახლეობის 50%-ზე მეტი არის იმედგაცრუებული NATO-ს მიმართ. ეს იმედგაცრუება ევროკავშირის მიმართაც ჩნდება, რადგან ევროკავშირის მხრიდან ჩვენს გადადგმულ ნაბიჯებს საპასუხო ქმედებით არ პასუხობენ. თუ არ მოგვენიჭება ვიზა-ლიბერალიზაცია, დამერწმუნეთ, ზუსტად იგივე განწყობა შეიქმნება უახლოეს ხანში, რაც NATO-ს მიმართ არის მოსახლეობაში. გამომდინარე აქედან, მოსახლეობა გადაწყვეტს დაუჭიროს თუ არა მხარი პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ NATO-ს თუ მოსკოვს, და ძირითადად, მოსახლეობის ინტერესებზე არიან ორიენტირებული და რომლებიც არ არიან ვინმეს კონტროლის ქვეშ.
- ბატონო თამაზ, თქვენ არ იმყოფებოდით „ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე. თქვენი არყოფნის მიზეზი უცნობი იყო პრემიერ-მინისტრისთვისაც, რომელმაც განაცხადა, რომ პირადად გადაამოწმა, იყო თუ არა გამოგზავნილი თქვენთან მოსაწვევი...
- რომ გითხრათ, ბოლო დროს გამოგზავნილი მოსაწვევი ძალიან გამიხარდა-თქო, მოგატყუებთ. მგონია, მეტი ყურადღება იყო საჭირო, ერთი დღით ადრე სტუმრის სტატუსით არ უნდა იწვევდე. მართალია, მერე შეასწორეს და დელეგატად გადააკეთეს, მაგრამ მაინც... ასევე არ მინდოდა ჩემი მისვლა მასმედიის საშუალებებს გამოეყენებინათ ამ ღონისძიების დისკრედიტაციისთვის. ბუნებრივია, იქნებოდა ყურადღება ჩემს მიმართ ჩემი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო და რომელიმე ფრაზა ამოგლეჯილად გამოეყენებინათ. ეს არ იქნებოდა კარგი და არ მინდოდა, ამ ღონისძიების დისკრედიტაციის საბაბი გავმხდარიყავი... ამის გამო არ მივედი, სამაგიეროდ, წავედი მეგობრებთან, სადაც უფრო გულიანად ვიყავი მიწვეული.
- თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები როგორია?
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განვაგრძობ საქმიანობას. ამას გარდა, მაქვს კონსულტაციები...
- ვისთან?
- ჯერ ჩემს მეგობრებთან. ბევრი თავად ითხოვს ამას და მინდა, რომ მოვუსმინო ყველა ინფორმაციას ყველა მხრიდან, ასევე შევხვდები ბატონ პრემიერს და ამის შემდეგ უფრო აქტიურ საქმიანობაზე გადავალ პარტიული მშენებლობის თვალსაზრისით.
- და ბოლოს, დაგვისახელეთ თქვენი სავარაუდო პარტნიორები.
- არ გამოვრიცხავ ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას, შესაძლოა ის ზომაზე მეტად რუსეთისკენაა, მაგრამ ბევრ საკითხებში მასთან თანხვედრა მაქვს. ასევე „პატრიოტთა ალიანსთან" და ბატონ გოგი თოფაძესთან. ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომელთა საკვანძო საკითხები ერთმანეთს ემთხვევა.