logo_geo
eng_logo
სოსო გიორგაძე: როცა არასამთავრობოების ინფორმაციის სიყალბე გამოძიებით დადასტურდება, მაინტერესებს, ეყოფათ თუ არა გამბედაობა თქვან, რომ იცრუეს!
- +

22 ნოემბერი. 2018. 03:31

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს პროკურატურაში წარადგინა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეკა გიგაურის თქმით, პირადობის მოწმობების გაყალბების შესახებ თათბირი გაიმართა, მივლინებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ სოსო გიორგაძემ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

 

„არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ყალბ და გაუგონარ ბრალდებებზე საუბრობდა, ასევე აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მე მონაწილეობას ვიღებდი ამ პროცესში, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არ მომხდარა.

 

წარმოვადგინე დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ამ პერიოდში მივლინებაში ვიმყოფებოდი. გარდა ამისა, წარმოვადგინე დოკუმენტები, სადაც ასახულია კონკრეტული ციფრები, გარემოებები, არგუმენტები და ბრძანებები, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ არავითარი ყალბი დოკუმენტების დამზადება არ მომხდარა“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

 

მისი თქმით, საინტერესოა, როდესაც გამოძიებით დადასტურდება, რომ არასამთავრობოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი, ეყოფათ თუ არა აღნიშნული ინფორმაციის ავტორებს გამბედაობა აღიარონ, რომ იცრუეს.

 

„მაინტერესებს, ამ ყველაფრის მერე, როცა დადასტურდება, რომ ეს იყო სიყალბე, ეყოფათ თუ არა გამბედაობა ამ ბრალდების ავტორებს, თქვან, რომ იცრუეს. მეორე მხრივ, მე მაქვს კითხვა, რაში დაგჭირდათ ასეთი სიცრუისა და სიყალბის მოგონება?! ჩემი პირადი რეპუტაცია და იმ ორგანიზაციის რეპუტაცია, სადაც ვმუშაობთ, სასტიკად შეილახა. თამამად მინდა ვთქვა, არც ერთი პარტიის ინტერესი არ დგას ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსებაზე მაღლა, ეს ადამიანები ყველაზე უსინდისოდ ებრძვიან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს -ღირსებას“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, 26 ნოემბერს აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიიწვევენ და დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენენ. ამასთან, უპასუხებენ ყველა კითხვას.

 

სოსო გიორგაძეს პროკურატურაში დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში კითხავდნენ.

 

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.

 

სამივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პროკურატურაში დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, პროკურატურას უთხრეს, რაც განცხადებაში უწერიათ და საქმეზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბრის კვირაში გაიმართა.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეკა გიგაურისა და ირმა პავლიაშვილის გამოკითხვაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე მათგანმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი  ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner