logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მემანქანეებისთვის ხელფასის მატებაზეა საუბარი
- +

22 ნოემბერი. 2018. 16:30

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მემანქანეებისთვის ხელფასის გარკვეულ მატებაზე, კერძოდ, თუ არ ვცდები, 10%-იან მატებაზეა საუბარი“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

 

ირაკლი ზარქუა საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მემანქანეებისთვის ხელფასების მომატება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" პრეროგატივაა.

 

„რამდენადაც ვიცი, გარკვეულ მატებაზე არის საუბარი. კერძოდ, თუ არ ვცდები, ხელფასის 10%-იან მატებაზეა საუბარი. შეიძლება მეტიც იყოს. ასე რომ, ეს თემა შეჯერებულია, შეთანხმებულია. ეტაპობრივად ბიუჯეტს რისი შესაძლებლობაც ექნებოდა, ჩვენ მემანქანეებს რასაც დავპირდით, გაგებით მოეკიდნენ და მადლობა მათ ამისთვის", - განაცხადა ზარქუამ.

 

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელიც ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებს ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ის, რაც ოპოზიციამ საკუთარი წინადადებების სახით ჩამოთვალა, მათი უმეტესობა რეკომენდაციების სახით საკრებულოს უმრავლესობამ გუშინ თბილისის მერიაში უკვე გადააგზავნეს.

 

მისივე თქმით, შემოტანილი ბიუჯეტის პროექტით ზრდაა განათლების, ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით. მათ მოთხოვნაში მერიის მიმართ აღნიშნულია, რომ უფასო სასადილოების დაფინანსება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ასევე, ზარქუას თქმით, საბავშვო ბაღებში პედაგოგების ხელფასების მომატება ითხოვეს.

 

„გუშინ გაერთიანებული კომისიების სხდომა გვქონდა მოწვეული, სადაც დავაფიქსირეთ, თუ რა მიმართულებით გვქონდა შენიშვნები დედაქალაქის პირველადი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. აიღეს ახლა ამ ბედოვლათებმა, ეს ყველაფერი, იციან, რომ ბიუჯეტი გაიზრდება სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე, მინიმუმ 50 მლნ ლარით და 930 მლნ ლარი გახდება. ახლა მათ დაასწრეს მოვლენებს და გამართეს ბრიფინგი. ეს უკვე აფიორაშიც აღარ ჯდება. იაფფასიანი რაღაც ტრიუკია“, - განაცხადა ზარქუამ.

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს მერს ბიუჯეტის პროექტში 5 მთავარი საკითხის გათვალისწინების მოთხოვნით მიმართეს. საკრებულო 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს მერიას დღეს უკან დაუბრუნებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner