„2019 წლის ბიუჯეტი, შარშან წარმოდგენილ პირველად ვარიანტთან შედარებით 70 მილიონით, ხოლო დამტკიცებულთან - 10 მილიონი ლარითაა გაზრდილი“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, დღეს დეპუტატებმა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი რეკომენდაციებით მერია გადაუგზავნეს. ბექა დავითულიანის განცხადებით, დედაქალაქის მერია ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს 10 დეკემბრამდე დაუბრუნებს.
„დღეს კენჭი ვუყარეთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს რეკომენდაციებს, რომელიც თბილისის მერიას გადაეგზავნება. რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული და საკრებულოს დასამტკიცებლად გაზრდილი ბიუჯეტი 10 დეკემბრამდე დაუბრუნდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მინიმუმ 930 მილიონ ლარი იქნება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.