თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმდებარედ არსებულ მოედანს ცნობილი მეცნიერ-ფილოლოგის, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის, ილია აბულაძის სახელი მიენიჭა. აღნიშნულ საკითხს მხარი საკრებულოს დეპუტატებმა დაუჭირეს. მოედანი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ გახსნეს.
„ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საკრებულოს მოგვმართა თხოვნით, რომ თბილისის ერთ-ერთი უსახელო მოედნისთვის პროფესორ ილია აბულაძის სახელი მიგვენიჭებინა. ჩვენ დავაკმაყოფილეთ მათი თხოვნა. მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ იმ საქმეში, რომელიც დარჩება ისტორიას და ქალაქს. სიმბოლურია ადგილი, სადაც გაიხსნა ილია აბულაძის მოედანი“,- განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ილია აბულაძე საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი და ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი იყო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.