ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
იუტა!
იუტა პალმაა, იგივე, იუტა ბედია!!!
ანგელოზი გოგონა, ქართველების ესტონელი რძალი, „ვეფხისტყაოსანი“ რომ ათარგმნინა დიდმა სიყვარულმა, რომელიც დაიბადა და გადაიზარდა ულამაზეს ქართულ-ესტონურ ოჯახად.
უდროოდ წასული ჩემი ჭაბუკობის მეგობარი დათო ბედია, კრისტალივით სუფთა პიროვნება, მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე კაცი, ჩინებული კალათბურთელი.
სწორედ "ნორჩ დინამოელთა" გუნდის ტალინში სტუმრობისას გაიცნეს ერთმანეთი იუტამ და დათომ. ეს გაცნობა , შემდეგ ერთკვირიანი ურთიერთობს ისეთი იღბლიანი გამოდგა, რომ...
ორი თვის შემდეგ, გაზეთ "კომუნისტის" სპორტული მიმომხილველი, იმავ ტალინში ჩავფრინდი სსრ კავშირის კალათბურთის ჩემპიონატში ჩვენი დიდი "დინამოს" და "ქარიშხალას" თამაშების გასაშუქებლად და... საგანგებო მისიით:
იუტასათვის ჩავიტანე საქორწინო ბეჭედი და დათოს სახელით ჩამოვაცვი თითზე. მოწმეებად დავისწარი ჩემი ძმობილები - სანდრო გლურჯიძე და რამაზ მანაგაძე!
იყო სიხარულის ცრემლი და სიცილი, იყო საქართველოდან ჩატანილი ერთი ბოთლი შამპანიური სამი ცალი თეთრი ვარდი...
ასე დაიწყო ლეგენდა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე თან ახლდა განუმეორებელი სიყვარული.
ამ ქალბატონმა დატოვა კვალი. არა მარტო ფიზიკური, რასაც ქართველი შვილები ქვია, არამედ სულიერი, რასაც ესტონურ ენაზე ბრწყინვალედ ნათარგმნი რუსთაველის უდიდესი ქართული წიგნი ქვია.
ბედნიერ ვარ, რომ იუტას და დათო ბედიასთან, მთელი სიცოცხლის მანძილზე, მაკავშირებდა გულწრფელი მეგობრობა.
***
აქვე გთავაზობთ ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის facebook-პოსტს:
„შოთა რუსთაველის ესტონელი თანამოკალმე
ეს ულამაზესი ქალბატონი იუტა პალმაა, ესტონელი ქალბატონი, საქართველოში დიდ სიყვარულს რომ გამოჰყვა, ორი შვილი- ინგა და დათუკა გაზარდა და უამრავი სიკეთე დათესა... 10 წელი "ვეფხისტყაოსანს" თარგმნიდა ესტონელებისთვის. მისი მეგობრი ნანა დევიძე იხსენებს - მეგობრებს რუსთაველის აფორიზმებით გვმოძღვრავდა. წიგნი რომ გამოვიდა, იუტას უკვე ჭამდა მძიმე სენი. საბჭოთა ესტონეთის მიერ გადმორიცხული ჰონორარი, თავისუფალ საქართველოში 5 000 კუპონად დაჯდა. (ცნობისთვის: მაშინ 10 კვერცხი 9 000 კუპონი ღირდა). ბანკში რომ მივედით და უთხრეს, რაც მოხდა, ცრემლებამდე იცინა. უფრო სწორად ორივე ვიცინოდით, იმიტომ რომ მანაც კარგად იცოდა და მეც, რომ იუტამ თავის კეთილშობილებას, მოკრძალებას, უსაზღვრო მოთმინებასა და შეუდარებელ შრომისმოყვარეობას საუკეთესო ძეგლი დაუდგა... მაშინ ერთი ბოთლი ლიმონათით აღვნიშნეთ იუტას წარმატება... იუტას შროშანები უყვარდა... იუტას მეგობრები უყვარდა, იუტას საქართველო უყვარდა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამ არაჩვეულებრივი ადამიანის სახელი და გვარი... ის ხომ დიდი შოთას თანამოკალმეა...
დღეს მისი დაბადების დღეა - ვულოცავ მის შთამომავლებს, ჩემს ინგას და დათუკას, ვულოცავ ამ ქვეყანას ამ კარგი ესტონელი ქალბატონის და უფრო დიდი ქართველის დაბადების დღეს, დღეს 74 წლის გახდებოდა!“