logo_geo
eng_logo
მურთაზ ზოდელავას მიერ ქურდული სამყაროს წევრად მოხსენიებულმა პირმა სასამართლოში იჩივლა - ვინ არიან ფოტოკოლაჟში ასახული პირები?
- +

23 ნოემბერი. 2018. 22:03

 

ყოფილი მთავარი პროკურორი, ამჟამად კი „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა შინაგან საქმეთა მინისტრს ქურდულ სამყაროსთან გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ გახარიამ სამეგრელოში ე.წ. „მაყურებლების“ მობილიზაცია მოახდინა და „ხალხის ნაცვლად ბანდიტებს ჩაეხუტა“.

 

მეტი თვალსაჩინოებისთვის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა საგანგებო პრესკონფერენციაზე რუსულ საიტ „Прайм Крайм“-დან გადმოწერილი ფოტოებიც გამოფინა.

 

ვინ არიან და რეალურად, სად იმყოფებიან მურთაზ ზოდელავას ფოტო-კოლაჟში ასახული ქართველი „კანონიერი ქურდები“ და ე.წ. „მაყურებლები“? ამის გარკვევით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქურდული სამყაროს წევრად გამოცხადებულმა ემზარ ქარჩავამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ყოფილი მთავარი პროკურორისგან რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო, საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოიხოვა.

 

აღმოჩნდა, რომ ე.წ. მაყურებლად მოხსენიებულ ემზარ ქარჩავას რეალურად არასოდეს ჰქონია შეხება ქურდულ სამყაროსთან. მისი ადვოკატის, მაკა ჩარტიას თქმით, ენმ-ს ლიდერმა ქარჩავას მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია გაავრცელა.

 

„ეს ინფორმაცია ცილისმწამებლურია, ამიტომ დღეს სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, რათა ამ პიროვნებამ ამისთვის აგოს შესაბამისი პასუხი. ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ჩვენ ზოდელავასგან ვითხოვთ, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ქარჩავას არასდროს ჰქონია შეხება ე.წ. ქურდულ სამყაროსთან, ის კანონმორჩილი ადამიანია“, - აცხადებს ადვოკატი.

 

მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილ ფოტო-კოლაჟში მართლაც ასახულია ქართული წარმოშობის რამდენიმე „კანონიერი ქურდი“, თუმცა ირკვევა, რომ ისინი არათუ პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში არიან ჩართულნი, არამედ ქვეყნის ტერიტორია წლებია არ გადმოუკვეთიათ. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანი საქართველოს მოქალაქეც კი არ გახლავთ.

 

მაგალითად მურთაზ ზოდელავამ, შს მინისტრის „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის გასამყარებლად ჟურნალისტებს წარუდგინა „Прайм Крайм“-ის ფოტო, სადაც ასახულია „კანონიერი ქურდი“ ზურაბ შამუგია, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „ადუს“ მეტსახელით იცნობენ. 62 წლის შამუგია დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება და არც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააჩნია. „ადუმ“ წლების წინ ლატვიის მოქალაქეობა მიიღო. ის 2013 წელს რიგაში, ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს.

 

საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ მურთაზ ზოდელვას მიერ ნახსენები „კანონიერი ქურდი“ ზაალ მახარობლიძეც, იგივე „გლეხოვიჩი“. მან საქართველო ჯერ კიდევ 2004 წელს დატოვა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. 2008 წელს კი „გლეხოვიჩმა“ ავსტრიის მოქალაქეობა მიიღო. გახარიას უწყებამ, რომელსაც მურთაზ ზოდელავა „გლეხოვიჩთან“ და სხვა კრიმინალურ „ავტორიტეტებთან“ ჩახუტებაში ადანაშაულებს, გასულ წელს თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არაერთი პირი დააკავა, მათ შორის „გლეხოვიჩის“ ბიძაშვილები - დავით და ტარიელ მახარობლიძეები, ასევე მისი ნათლული კობა ფანგანი და მახარობლიძეების ოჯახის ახლობელი გიორგი რეხვიაშვილი.

 

საქართველოში ათ წელზე მეტია არ იმყოფება „კანონიერი ქურდი“ კახა ფარფალიაც, იგივე „კახა გალსკი“. მურთაზ ზოდელავას მსგავსად რუსულ პრესას თუ დავეყრდნობით, ირკვევა, რომ მისი გავლენის სფეროებს ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში მოქმედი კრიმინალური სამყარო წარმოადგენს.

 

ყოფილი მთავარი პროკურორის ბრალდებებზე ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებაში ბრალდებებს არასერიოზული უწოდეს და კიდევ ერთხელ განგვიმარტეს, რომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გახარიას უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოში „კანონიერი ქურდების“ ერთადერთი ადგილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაა.

 

შსს ყოფილ მთავარ პროკურორს და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონის კურატორს კონკრეტული სტატისტიკით პასუხობს. ამ მონაცემებით ირკვევა, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 52 პირი დააკავა და ასევე პასუხისგებაში მისცა ორი „კანონიერი ქურდი“. ამასთან, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 2018 წლის განმავლობაში ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია 12 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და  სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს 127 მოქალაქე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner