„2018 წლის 24 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო მარნეულის პოლიციის თანამშრომლების მიერ კ.კ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიება უკვე დაუკავშირდა კონკრეტული ფაქტის შეტყობინების ინიციატორს გ.ქ.-ს, რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ არ იცნობდა კ.კ.-ს და არ ჰქონდა მისი საკონტაქტო მონაცემები, ასევე, ის არ იყო ფაქტის თვითმხილველი მოწმე და გამოძიებას მომხდარის ირგვლივ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.
პროკურატურამ დაადგინა კ.კ.-ს ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. იგი დროებით იმყოფებოდა მარნეულში, სადაც ბლოკის ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა. ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს მასთან დაკავშირებას.
გამოიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.