ექსპერტი მიხეილ დუნდუა „facebook"-ზე წერს, რომ 2014 წლიდან მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია.
„ლესტერ სიტის" ეფექტი! საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი გადაუსწრო.
მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს 17 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის შემაჯამებელი ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ 4 ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.
მსოფლიო ბანკი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების შემაჯამებელი ექსპერტიზის შედეგებს (The worldwide Governance Indicators (WGI) ყოველწლიურად აქვეყნებს. ფასდება 200 ზე მეტი ქვეყნის/ტერიტორიის ხელისუფლების ხარისხი: 1. კორუფციისაგან თავისუფლება (კორუფციის კონტროლი); 2.კანონის უზენაესობა; 3. ხარისხიანი რეგულირება; 4. მთავრობის ეფექტიანობა.
ყველა ამ აგრეგატის მიხედვით საქართველომ ახალი ხელისუფლების პირობებში ისტორიული მაქსიმუმი, ანუ საუკეთესო შედეგი აჩვენა.
კორუფციისაგან თავისუფლება:
კორუფციის კონტროლის მიხედვით, დღესათვის საქართველო მსოფლიოში 52-ე პოზიციაზეა. წინა ხელისუფლების პერიოდში ვითარება იმდენად არსახარბიელო იყო, რომ თუკი 2006 წელს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 88 -ე პოზიციაზე იყო ( 57.56% ქულა), უკვე 2011 წელს 92 -ე ადგილზე ჩამოქვეითდა (56.87%).
2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, ვითარებამ გამოსწორება დაიწყო (76-ე ადგილი(64.11%).
2014 წლიდან საქართველო მსოფლიოში 52 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, სლოვაკეთი და სლოვენია.
კანონის უზენაესობა:
კანონის უზენაესობის რეიტინგში, საქართველო 2014 წლიდან 75-ე ადგილზეა (64.42%). 2006 წელს 126 -ე ადგილზე იყო (40.19%), ხოლო 2011-2012 წელს შესაბამისად 104-ე და 97-ე პოზიციაზე (51.64% და 54.50%).
კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო რეგიონში უდაო ლიდერია და თან უსწრებს ევროკავშირის წევრ ორ სახელმწიფოს, რუმინეთს (63.5%) და ბულგარეთს (55.8%).
ხარისხიანი რეგულირება
რეგულაციების ხარისხიანობის მიხედვით, საქართველო 2014 წლიდან 44 ადგილზე იმყოფება(79.33%, რაც ისტორიულად საუკეთესო შედეგია). 2011-2012 წლებში შესაბამისად 56ე(73.93%) და 58-ე (72.73%) პოზიციაზე იყო.
2014 წლიდან საქართველო აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სლოვაკეთი, სლოვენია, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ხორვატია.
მთავრობის ეფექტიანობა:
მთავრობის ეფექტიანობის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო 2014 წლიდან 60-ე ადგილზეა (71.63%, რაც ისტორიულად საუკეთესო შედეგია). 2011-2012 წლებში შესაბამისად 66-ე(69.19%) და 64-ე (69.86%%) პოზიციაზე იყო.
2014 წლიდან მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი", - წერს დუნდუა.