ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის წარსულზე ისაუბრა. ბრეგაძის განცხადებით, სანდო წყაროსგან ჯერ გადაუმოწმებელი ინფორმაცია აქვს, რომ ნანუაშვილი არის ერთ-ერთი აგრესიული სექტის წევრი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აკრძალული და 90-იან წლებში ნანუაშვილმა ანტიდასავლური, „ფაშისტური" ტიპის ორგანიზაცია შექმნა. ბრეგაძე მოითხოვს, რომ პარლამენტმა უახლოეს სესიაზე დააყენოს უჩა ნანუაშვილის იმპიჩმენტის საკითხი.
„უჩა ნანუაშვილი გახლავთ მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი. „აუმ სანრიკო" იაპონური სექტა იყო, რომელიც აწყობდა ტერაქტებს იაპონიაში. მაქვს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ სწორედ ასეთი აგრესიული სექტის წევრი არის ნანუაშვილი. არ მინდა, დღეს ამ სექტის სახელი დავასახელო, მაგრამ ეს სექტა არის მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალული. როდესაც აღმსარებლობით სექტანტი გვყავს ჩვენ სახალხო დამცველად, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, არამარტო მართლმადიდებლების, მუსლიმების, კათოლიკეების, ებრაელების და სხვა აღმსარებლობის ადამიანების უდიდესი შეურაცხყოფა. ნანუაშვილმა კეთილი ინებოს და ღიად განაცხადოს თავისი აღმსარებლობის შესახებ.
მაქვს სერიოზული ინფორმაციები მის წარსულთან დაკავშირებით. ერთი თვის განმავლობაში მომაწოდებენ გარკვეულ დოკუმენტაციას ნანუაშვილის 90-იანი წლებში მოღვაწეობის შესახებ, როდესაც ძმასთან ერთად ანტიდასავლური „ფაშისტური" ტიპის ორგანიზაცია ჰქონდა შექმნილი. რამდენიმე დღის განმავლობაში ნანუაშვილი საქართველოს მაშინდელი უშიშროების სამინისტროს მიერ იყო დაკავებული. გათავისუფლების შემდგომ, გახდა ის ნანუაშვილი, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ. წყარომ, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, აღმიქთვა, რომ უახლოეს ხანებში მომაწოდებს დამამტკიცებელ დოკუმენტაციას. ნანუაშვილი, რომელმაც გუშინ მხარი დაუჭირა საპატრიარქოს შეურაცხყოფას, დაიცვა ის ვანდალები, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს საპატრიარქოს და ხმაც კი არ ამოიღო იმის თაობაზე, რომ დაირღვა მართლმადიდებელთა უფლებები, სასწრაფო წესით თანამდებობიდან გადაყენებულ უნდა იქნას. მივმართავ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გეყოთ გამბედაობა და უახლოეს სესიაზე დააყენეთ უჩა ნანუაშვილის იმპიჩმენტის საკითხი. მოაცილეთ ეს სამარცხვინო ადამიანი საქართველოს სახალხო დამცველის პოსტს", - განაცხადა ბრეგაძემ.