საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მან არ იცის რას ეფუძნება NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება, სადაც ის ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვალების განულებასთან დაკავშირებით, ამომრჩევლის მოქრთამვაა.
„ის NATO-ს ყოფილი საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტია. მე არ ვიცი ახლა ყოფილი საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება, რას ეფუძნება, ალბათ იმ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ისინი სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ. მე ვიცი რა არის ოფიციალური ბრიუსელის პოზიცია და რა არის ოფიციალური ევროპარლამენტის პოზიცია. ოფიციალური ბრიუსელის პოზიცია არის მხარდაჭერა ჩვენი რეფორმების, როგორც ეკონომიკური, ისე თავდაცვის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავების კუთხით და ეს იყო აღიარებული იმ უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რა შეხვედრაც გვქონდა. ასევე, ოფიციალური ევროპარლამენტის პოზიცია გამოიხატა სულ ცოტა ხნის წინ იმ რეზოლუციაში და იმ მხარდაჭერაში, 500-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი საქართველოს ასოცირების შეთანხმებას, ეს არის ოფიციალური პოზიცია. ეხლა ბევრ ყოფილ ჩინოსანს და ასევე ყოფილ ევროპარლამენტარს შეიძლება სხვადასხვა სახის ინფორმაცია აქვს, რომელიც ეფუძნება არასრულყოფილ ინფორმაციას“, - განაცხადა დავით ზალკანიანმა.
მისივე თქმით, ბრიუსელში უფრო მეტი დადებითი განცხადებები გაკეთდა, ვიდე ზემოთ აღნიშნულისა და ასევე ევროპარლამენტარ საირუშ ვოლსკისა.
„ბრიუსელში გაკეთდა უფრო ბევრი, უფრო მეტი დადებითი და პოზიტიური შეფასება. იყო ორი-სამი განცხადება, მათ შორის ერთი საირუშ ვოლსკის, ევროპარლამენტარის, რომელიც „იპიპის“ წევრიც კი აღარ არის, ხაზს ვუსვამ - წავიდა. ეს მისი კერძო პოზიცია იყო. მე მასზე გავეცი ამომწურავი პასუხი, სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზიით („რუსთავი 2“-ით) გაშუქდა მხოლოდ მისი პოზიცია, არ გაშუქებულა 5-6 დეპუტატის პოზიცია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით. არჩევნების შეფასების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო პოზიტიური შეფასებები ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის, მათ შორის ეუთოს, „ოდირის“, ევროპარლამენტის მისიის, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და ეს არის რეალობა. რაც შეეხება იმას, თიოთქოს აქ რაღაც გაყალბებებს ჰქონდა ადგილი, რაც ერთ-ერთმა დეპუტატმა, მათ შორის საირუშ ვოლსკიმ განაცხადა, როგორ შეიძლება, პარადოქსულია ამაზე საუბარი, როდესაც ჩვენ მეორე ტური გვაქვს, არასდროს საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა და ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოზიტიური შეფასებები, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.