logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ქუთაისს ბევრად უფრო მეტი პერსპექტივა სჭირდება, ვიდრე იქ პარლამენტის არსებობაა
- +

18 მაისი. 2016. 15:44


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქუთაისს ბევრად უფრო მეტი პერსპექტივა სჭირდება, ვიდრე იქ პარლამენტის არსებობაა.



„პარლამენტის თბილისიდან მოწყვეტამ, თუნდაც იმიტომ, რომ იქ არის მთავარი სტრუქტურები და აღმასრულებელი ხელისუფლება , საპარლამენტო ცხოვრებას გარკვეული სირთულე შეუქმნა. ქუთაისს, ჩემი აზრით, მეტი სტიმული სჭირდება, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობაა. ქუთაისის პერსპექტივა უნდა იყოს გაერთიანებული იმ სტრატეგიულ ეკონომიკურ პროექტებთან, რომლებიც საქართველოში ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი განხორციელდება. საქართველოში, როგორც სატრანზიტო ქვეყანაში, ბევრად უფრო უნდა გააქტიურდეს ლოჯისტიკური ბიზნესი. არამარტო სატრანზიტო პერსეპქტივები გააჩნია ჩვენს ქვეყანას თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, არამედ ლოჯისტიკური შესაძლებლობებიც. აქედან გამომდინარე, ქალაქს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური და ბიზნეს დატვირთვა. არამხოლოდ ის, რომ აქ იყოს საკანონმდებლო ორგანო და ამან გარკვეული შემოსავალი მისცეს ქალაქს - არ შეიძლება ქალაქი მარტო აქედან გამომდინაე არსებობდეს. პირველი დღიდან მიმაჩნდა, რომ აქ უნდა იყოს მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ინვესტიცია და საუნივერსიტეტო პროცესი უნდა განხორციელდეს, რაც გაზრდიდა ჩამოსული ადამიანების, სტუდენტების რაოდენობას. მინდოდა , რომ აქ გაკეთებულიყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის პროექტიც იგეგმებოდა მაშინ, როდესაც მინისტრი ვიყავი. ეს ვერ გახორციელდა. დღეს ქუთაისს პარლამენტის ბერკეტი გამოაცალო ასე მყისიერად, შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ პერსპექტივა ქალაქს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობაა. მართალია, პარლამეტი ქუთაისშია, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ პოლიტიკური ცხოვრება უფრო გააქტიურდა. ეს არის გარკვეული ეკონომიკური შენატანი ქალაქისთვის, მაგრამ უფრო მეტის დაგეგმვა არის საჭირო კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner