ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ.
ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა - ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალიზე”.
ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე.
„ერთ ბაზაზე რეგისტრირებულია 752 სამხედრო მოსამსახურე, მეორეზე - 144. სულ არის ორი საარჩევნო უბანი - ბაგრამის და მაზარი-შარიფის. 08:00 საათიდან ჯარისკაცებს საშუალება აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ბაზაზე როცა ყველა ჯარისკაცი დააფიქსირებს არჩევანს, და ასევე გადასატანი ყუთის ამომრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას, პროცესი დასრულდება, თუმცა, ეს პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და 28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია. ერთ უბანზე პარტიამ, ხოლო მეორე უბანზე ოლქმა არ დანიშნა კომისიის წევრი. გარდა ამისა, ამ უბნებზე არ არიან დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
ავღანეთში, 26 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს გაიმართება.