„რუსეთი ხშირად ახდენს პროვოცირებას ასეთი ქმედებებით, რათა ყურადღება წინმსწრებად გადაიტანოს იმ არანაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედებებიდან, რასაც ის შესაძლოა, მომავალში აპირებდეს“, - ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა ლევან ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ეს რუსეთის მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობა იყოს იმ ქმედებებიდან, რის განხორციელებასაც ის, შესაძლოა, სირიაში ან ახლო აღმოსავლეთში გეგმავდეს.
ბოძაშვილის შეფასებით, ამის მეშვეობით რუსეთს შემდგომში შეეძლება ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირზე და უკეთესი სავაჭრო პოზიციები შეიქმნას აშშ-სთან.
„რუსეთს, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაქტიკა აქვს, რომ ხშირად ახდენს პროვოცირებას ასეთი ქმედებებით, რათა ყურადღება წინმსწრებად გადაიტანოს იმ არანაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედებებიდან, რასაც ის შესაძლოა, მომავალში აპირებდეს, იქნება ის სირია, ახლო აღმოსავლეთი თუ ნებისმიერი წერტილი, სადაც მას ხელი მიუწვდება, რომ რაიმე გააფუჭოს, შემდეგ ზეწოლა მოახდინოს ამის მეშვეობით დასავლეთზე, მათ შორის ევროკავშირზე და უკეთესი სავაჭრო პოზიციები შეიქმნას იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყურადღების გადატანის მცდელობა იყოს, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ლოკალურად რუსეთი ცდილობს, კიდევ უფრო დიდ პროვოკაციაზე წამოაგოს უკრაინა.
აქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ეს არის აგრესიის დანაშაული. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ ხელყოფა და ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იმაზე უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო, რუსეთ-უკრაინის ამ გამწვავებული ურთიერთობებისა და რუსული აგრესიის ფონზე. რა თქმა უნდა, თუ ამ სიტუაციის ესკალაცია მოხდა, პირველ რიგში ჩვენი რეგიონისთვის იქონიებს გავლენას უსაფრთხოების გარემოზე. ყველანაირი აგრესიული აქტი, რომელიც ასეთ, ძალიან დაძაბული ტიპის რეგიონში ხორციელდება, ერთგვარი გადამდები ეფექტის მატარებელია სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც. ამიტომ სასწრაფოდ ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოების, დასავლური ინსტიტუტების რეაქცია ძალიან მკაცრი იქნება“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.