პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეგიონში შექმნილია საგანგებო მნიშვნელობის საფრთხე.
ვოლსკი ასევე „ევროპული საქართველოს" მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ ამ თემით სპეკულირებს.
„ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ უკრაინას ეხება. ეს რეგიონური უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა და პირდაპირ ეხება საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანას. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიციაც, რომელიც სრულად ეთანხმება საერთაშორისო დამოკიდებულებას. საქართველოს შეუძლია კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი იმას, რომ სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის საგანგებო მნიშვნელობისაა.
რაც შეეხება, „ევროპული საქართველოს“ მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას, მე არ ვიცი, რამდენად მოესწრება ახლა ამის გაკეთება. „ევროპული საქართველო“, როგორც ყოველთვის, ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს. ისე, რასაკვირველია, სერიოზული მსჯელობაა საჭირო. საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა რეგიონში შექმნილი. გამოხატული იქნება თუ არა ეს რეზოლუციით, ამას მე მხოლოდ ჩემს თავზე ვერ ავიღებ, მაგრამ პოზიცია, რასაკვირველია, იგივეა, რაც მთელ მსოფლიოს აქვს ამასთან დაკავშირებით. საფრთხე ჩვენთვის საგანგებო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს.