საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რიგით მეოთხე საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალ „ხატე საქართველოსთვის" შესახებ:
„18-28 მაისს, თბილისსა და მცხეთაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „VOICE from GEORGIA" ორგანიზებით, რიგით მეოთხე საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალი „ხატე საქართველოსთვის" გაიმართება.
ფესტივალი 18 მაისს, 11:00 სთ-ზე გაიხსნა;
ხელოვანებმა იაპონიიდან, ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, სირიიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან, რუსეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან და კანადიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში დაიწყეს საკუთარ ნამუშევრებზე მუშაობა.
20 მაისს გაიმართება მათი პირველი საჯარო ლექცია-ვორქშოფი მცხეთის სკოლაში, ხოლო 22 მაისს - შატო-მუხრანში.
24 მაისს ხელოვანები ყაზბეგის რაიონს მოინახულებენ.
26 მაისს, 14:00 საათზე კი გაიმართება იმ ნამუშევრების პირველი დიდი საჯარო გამოფენა, რომლებსაც მხატვრები მცხეთაში შექმნიან.დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26 მაისს, 14:00 საათზე გამოფენა მოეწყობა სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურული კავშირების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
27 მაისს, 18:00-სთ-ზე გამოფენას უმასპინძლებს თბილისის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ფესტივალი ტრადიციული და საერთაშორისო ხასიათისაა, ის უკვე მეოთხედ ტარდება. წლების განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალის ცნობადობის გაზრდაზე მეტყველებს ფესტივალის მონაწილე მხატვართა მზარდი რაოდენობა. წლევანდელ ფესტივალში „ხატე საქართველოსთვის" მონაწილეობას მიიღებს 14 ცნობილი უცხოელი მხატვარი, რომლებიც ნამუშევრებს 10 დღის განმავლობაში 3 ქართველ მხატვართან ერთად შექმნიან".
წყარო: „კულტურის სამინისტრო“