logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატრიარქთან ერთად საუკუნის „სახე(ლ)ების“ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
- +

27 ნოემბერი. 2018. 11:11

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად „The New York Times“-ის ლიცენზიანტი გამომცემლობის „სახე(ლ)ები“ მიერ ორგანიზებულ საუკუნისა და წლის სახე(ლ)ების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც საქართველოში „The New York Times“-ის ლიცენზიანტი საგამომცემლო სახლის „სახე(ლ)ები“ 2018 წლის გამოცემების წარდენა და საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.

 

ღონისძიებას, ასევე, საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო.

 

საგამომცემლო სახლის „სახე(ლ)ები" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოცემა „The New York Times Turning Points“-მა საქართველოს პატრიარქსა და საქართველოს პრეზიდენტს გამოცემის სპეციალური პრიზი გადასცა. საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული პრიზი, რომლითაც „The New York Times“ სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეებს ყოველწლიურად აჯილდოებს, შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისათვის გადაეცა. საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

„თქვენო უწმინდესობავ!

ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეებო!

ღირსო მამებო!

პატივცემულო საზოგადოებავ!

პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო ღონისძიების ორგანიზატორთა მიმართ და გამოვთქვა განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ სულისკვეთებასთან  დაკავშირებით.

თქვენო უწმინდესობავ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამ მნიშვნელოვან და ჰუმანურ საქმეს თქვენი ლოცვა-კურთხევა და მატერიალური მხარდაჭერა წაუმძღვარეთ. ის, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქველმოქმედებას და ამავე დროს, გავიღებთ ჩვენი საზოგადოების გაჭირვებული წევრების მიმართ, გვქმნის და გვაყალიბებს ჩვენ საზოგადოებად იმიტომ, რომ იმ განსხვავებულობის ფონზე, რომელიც ამშვენებს თითოეულ ინდივიდს, ან საზოგადოებრივ ჯგუფს, ან ამა თუ იმ შეხედულებას, გამაერთიანებელი ღირებულებების მნიშვნელობა არის ის, რაც ქმნის და ამთლიანებს ერს. ასეთი ღირებულების ირგვლივ შევიკრიბეთ ჩვენც.

შარშანწინ ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად აღვნიშნეთ, ვისაც შესაძლოა ძალიან დიდი შემოსავალი, ან შესაძლებლობა არ აქვთ, მაგრამ გააჩნიათ გაზიარებისა და სხვებისთვის ცხოვრების შემსუბუქების სულისკვეთება.

ყოველ ჯერზე, ასეთი წამოწყება აღმაფრთოვანებელია, ჩვენი ქართული საზოგადოების ერთობას ქმნის და იმედს გვაძლევს მომავალში მისი გაძლიერების.

პოლიტიკა - სფერო, რომელსაც მე წარმოვადგენ, პოლიტიკური ცხოვრება და ის პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც არსებობს საქართველოში, შეიძლება ითქვას, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, თუ სწორად გავაშუქებთ და წარმოვაჩენთ მსოფლიოს წინაშე. ჩვენი ტოლერანტობა, როგორც საზოგადოების, რომელიც თავის თავში ავითარებდა და იფარავდა ებრაულ თემს, უნარი ჩვენი მეფეებისა, ყოფილიყვნენ გამარჯვებულები ურთულეს რელიგიურ ბრძოლებში და, ამავე დროს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მიმართ გამოეჩინათ შემწყნარებლობა, ის უნარები, რომლითაც ხასიათდება ჩვენი შუასაუკუნეობრივი კულტურა და ტრადიციები, რასაც ჩვენ ვაჟა-ფშაველა გვიზიარებდა, ჩვენი ღირებულებები, ასევე ქართული საზოგადოების მონაპოვარია. ეს ტოლერანტობა გასაფრთხილებელია ისევე, როგორც ქართული ენა და ქართული ფოლკლორი, როგორც ნაწილი ჩვენი კულტურული იდენტობისა.

დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის! გისურვებთ წარმატებას - შევეხიდოთ ერთმანეთს ბავშვთა და მოხუცთა სახლის შექმნაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ღონისძიებაზე სიმბოლური პრიზით საქართველოს პირველი ლედიც დაჯილდოვდა. მაკა ჩიჩუას გამომცემლობისგან საყოველთაო სიმპათიის პრიზი გადაეცა.

 

გამოცემის პრეზენტაციაზე გამომცემლობის „სახე)ლ)ები“ სიმბოლური პრიზით სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, ასევე ქართული კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის კომპოზიტორი გია ყანჩელი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, ფერმწერი და სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი და მხატვარი დიმიტრი ერისთავი.

 

ღონისძიების დასასრულს გამომცემლობის „სახე(ლ)ები“ მიერ ცნობილი ადამიანების  წარდგენილი ნივთების ტრადიციული საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხით უმწეო მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლის მშენებლობა განხორციელდება. ასეთი სახლი მსოფლიოში სულ რამდენიმეა და ათწლეულის საუკეთესო იდეის სახელითაა ცნობილი. წლევანდელ აუქციონზე წარმოდგენილ 50-მდე ლოტს შორის საქართველოს პრეზიდენტის მიერ კაკლისა და რცხილის ხისგან დამზადებული ხელნაკეთი და პირველი ლედის მიერ მოხატული ნარდიც იყო, რომელიც 5700 აშშ დოლარის ეკვივალენტად ლარში გაიყიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner