logo_geo
eng_logo
კოტე გოგელია დავით კეზერაშვილთან მოლაპარაკებას აგრძელებს?!
- +

15 თებერვალი. 2016. 22:44


"მაესტროში" დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ დროებითი და ისიც მოჩვენებითია - რეალურად ორივე მხარე ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. გია გაჩეჩილაძის ადვოკატი საჯარო რეესტრში ტელეკომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას მესამედ შეეცდება, ბაია გადაბაძე კი პროცესის შეჩერებას სასამართლოში სარჩელების შეტანით უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს.


რა მოხდა რეალურად "მაესტროში", რატომ მივიდა კომპანია გაკოტრებამდე და რა კავშირი აქვს პროცესებთან დავით კეზერაშვილს? - ეს ის კითხვებია, რომლებიც უკვე მეორე კვირაა საზოგადოებაში აქტიურად ისმის. რაც მთავარია, აღნიშნულ კითხვებზე მოდავე მხარეებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პასუხები აქვთ, რაც რეალობას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის და სხვადასხვა ვერსიების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი ვერსიით, კოტე გოგელიას "მაესტროსთვის" 54-მილიონიანი ვალის გაცემა თავიდანვე გათვლილი ჰქონდა - ტელევიზია გაკოტრებამდე უნდა მისულიყო, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა დანარჩენი დამფუძნებლები ნელ-ნელა გზიდან ჩამოეცილებინა და ტელეკომპანიის სრულუფლებიანი მფლობელი გამხდარიყო. ამავე ვერსიის მიხედვით, აღნიშნული გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, "მაესტროს" 100%-იანი წილი დავით კეზერაშვილს უნდა შეეძინა, თანაც საკმაოდ სოლიდურ ფასად.


გოგელია, რომ ტელევიზიის მართვიდან გასვლასა და კუთვნილი წილის გაყიდვას გეგმავდა, ეს იმითაც დასტურდება, რომ ირაკლი რუხაძესთან "მაესტროს" საკითხზე მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მართავდა. თუმცა პატარკაციშვილის ფინანსისტისგან სასურველი ცხრა მილიონი, მოგვიანებით კი, ვერც ხუთი მილიონი მიიღო.


სავარაუდოდ, გოგელიასთან ვაჭრობის შემდეგ რუხაძემ ბევრად მარტივი გამოსავალი გამონახა და "მაესტრომდე" მისასვლელი გზა ნახევარ ფასად, გია გაჩეჩილაძის საშუალებით იპოვა. პროცესში მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გია გაჩეჩილაძემ "მაესტროს" გაკოტრების დაწყების გამოცხადებისთანავე დაასახელა.

ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, გოგელია კეზერაშვილთან ახლაც აგრძელებს მოლაპარაკებას იმ შემთხვევისთვის თუ ტელეკომპანიის გაკოტრების საქმე ბოლომდე მაინც მივიდა.


მოკლედ, ახლა მთავარი საკითხად მაინც ის რჩება, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დავის დასრულებამდე "მაესტროს" სასამართლო გაკოტრებულ ტელევიზიად გამოაცხადებს. სამოქმედო გეგმის გარკვევას "კვირის პალიტრა" "უცნობთან" შეეცადა:


- როგორც კი, გადაბაძემ "მაესტროს" გაკოტრებაზე განაცხადი სასამართლოში შეიტანა, მაშინათვე ვთქვი, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება კეზერაშვილს უნდოდა. მადლობა ღმერთს, ეს გეგმა ჩაიშალა, ახლა კი, ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია სახელმწიფოს დაშანტაჟებას ცდილობენ. რადგან მედიის წარმომადგენელი ხარ, საკუთარ თავს ყველაფრის კეთების უფლება უნდა მისცე? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე არსად ხდება! როგორც გითხარით, მე მაინც ვერავინ შემაშინებს - "მაესტრო" ისეთი ტელევიზია გახდება, როგორიც მას ეკადრება.


- დააკონკრეტეთ, რაზე მიანიშნებთ - გაკოტრებული "მაესტრო" კოტე გოგელიას კეზერაშვილისთვის რა მექანიზმით უნდა მიეყიდა?

- ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი. მანამდე სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვო და ტელევიზიის დირექტორად ჩემი ძმა დაინიშნოს. კოტე გოგელია ირაკლი რუხაძესთანაც მართავდა წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს... მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმე ვითარებაში მიმდინარეობდა, ამიტომ დეტალების გახმაურებაც საჯაროდ არ მინდა. რეალობა კი მართლაც ასეთია - ტელევიზიაში აჟიოტაჟის შექმნითა და შანტაჟით გოგელია ტელევიზიის ღირებულების გაზრდას ცდილობს.


- თუ დავის დასრულებამდე სასამართლომ ტელევიზია გაკოტრებულად გამოაცხადა, რა გეგმა გაქვთ?

- "მაესტროს" გაკოტრებას არ დავუშვებ, ეს წარმოუდგენელია.

კოტე გოგელიასთან მოლაპარაკებებში დავით კეზერაშვილის მონაწილეობას "მაესტროს" მოქმედი დირექტორი ბაია გადაბაძე კი კატეგორიულად გამორიცხავს: "რაც მე ამ ტელევიზიის დირექტორი ვარ, დავით კეზერაშვილთან შესაძლო მოლაპარაკებაზე საუბარიც კი არასოდეს ყოფილა. არ ვიცი მსგავსი ბრალდების გაჟღერებისას გია გაჩეჩილაძე კონკრეტულად რა ფაქტებს ეყრდნობა. ტელეკომპანიის გაკოტრებაზე სასამართლოსთვის მიმართვას კი კანონი მავალდებულებდა, რადგან კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით დავალიანებები დაუგროვდა. საუბარია, ჯამში 54 მილიონზე, რაც წლების განმავლობაში "მაეტსროს" განვითარებაზე დაიხარჯა. საინტერესოა, თუ შეძლებს გია გაჩეჩილაძე გეგმის წარმოდგენას, როგორ უნდა შეაჩეროს გაკოტრების პროცესი. ამ პროექტის ხილვას უკვე ექვსი თვეა უშედეგოდ ველოდებით".


პ.ს. გია გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრისგან ლევან გაჩეჩილაძის დრექტორად დარეგისტრირებაზე პასუხს დღეს ელოდება, დადასტურების შემთხვევაში კი, "მაესტროში" მისვლას, ძმასთან ერთად, დღესვე აპირებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner