შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შსს კრიმინალური პოლიციის მიერ, ცილად მოყვანის მიზნით, 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული დაკავებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
„შსს კრიმინალურმა პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი დააკავა, რომელმაც სავარაუდოდ თანამზრახველებთან ერთად, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლება აღუკვეთა სამირა ბ-ს. თანამზრახველების დასაკავებლად ღონისძიება გრძელდება.
P.S. ეს ისე, სანამ ავანსად გავაკრიტიკებთ პოლიციას... (ვინ დაუფიქრებლად და ვინ შეგნებულად)."- აღნიშნავს თალაკვაძე.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზამირ ვ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ელჩინ ი-ს თანამზრახველია, რომელმაც მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ელჩინ ი-ს სხვა თანამზრახველების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით).