logo_geo
eng_logo
მერიამ ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მშენებლობის ნებართვა გასცა
- +

27 ნოემბერი. 2018. 18:50

 

 

ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მოწყობაზე სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიამ უკვე გასცა. როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, ობიექტის მშენებლობის ვადა  2018 წლის 3 ოქტომბრიდან 2021 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა.

 

პროექტის ინვესტორ კომპანია შპს „ლეჩკომბინატი №1“–ში აცხადებენ, რომ 2018 წლის ბოლომდე სამშენებლო სამუშაოები აუცილებლად დაიწყება. კომპანიას უკვე შერჩეული ჰყავს მშენებელი კომპანიაც, თუმცა დასახელებას ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

 

წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს,  თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #5- ში, ყოფილ სამკურნალო კომბინატის ტერიტორიაზე ლანდშაფტური პარკის, სამედიცინო დაწესებულებისა და მუზეუმის მოწყობას.

 

 

კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა გამწვანებულ სივრცეს, რომელიც იქნება ღია საჯარო მოხმარებისათვის, ლანდშაფტურ-სარეკრიაციო დანიშნულებით. ტერიტორიის სიღრმეში, განთავსდება მრავალპროფილური საავადმყოფო.

 

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ არსებულ ტერიტორიაზე ამჟამად მდებარეობს, ყოფილი საავადმყოფოს შენობის დაკონსერვებული შესასვლელი ბლოკის სამსართულიანი მოცულობა. აღნიშნული მოცულობა მოექცევა სტრუქტურაში, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება როგორც, კიბეებისგან და პანდუსებისგან შედგენილი ბელვედერით, ასევე მოეწყობა შესასვლელი ვესტიბიული მიწისქვეშა სივრცეში, სადაც განთავსდება მუზეუმი და საგამოფენო დარბაზები.

 

 

მუზეუმი დაეთმობა ყოფილი გალაკტიონ ტაბიძის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას, როგორც პოეტის ყოფილი სამკურნალო კომბინატთან ისტორიული კავშირის ხაზგასმა. ამავე სართულზე განლაგებული საგამოფენო დარბაზები ძირითადად დაეთმობა, როგორც სამკურნალო სახელოვნებო თერაპიის ჯგუფების მუშაობას, ასევე იმუშავებს, როგორც საჯარო საგამოფენო სივრცე.

 

საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება როგორც საავადმყოფოს, ასევე პარკისა და მუზეუმის ვიზიტორებს.

 

 

კონცეფციის მიხედვით, ამავე ტერიტორიის  მომიჯნავედ, მდებარეობს ამჟამად უფუნქციო სამეურნეო ნაგებობა. მის ადგილას ასევე  დაგეგმილია ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობა.

 

ვაკის ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა (წარსულში შპს დილა 2010-ი) 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტის შესაძენად მაშინ ორი კომპანია  — კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი და შპს დილა 2010 იბრძოდნენ, საბოლოოდ გამარჯვებულად კი შპს დილა 2010 დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

 

 

გამარჯვების შემდეგ, კომპანიამ ვალდებულებად 5 წლის განმავლობაში სამედიცინო ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება და გარკვეული ინვესტირება აიღო.  „დილა 2010-ის დამფუძნებელი რუსული სადაზღვევო კომპანიის რესო გარანტის აქციონერის, სერგეი სარქისოვის მეუღლე რუსუდან მახაშვილია. როგორც თავის დროზე ითქვა, კომპანიის დამფუძნებელს სადაზღვევო ბაზარზე შესვლის გეგმებიც ჰქონდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner