logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ეკონომიკური თვალსაზრისით, წარმატების ობიექტური საზომი სიღარიბის დამარცხებაა
- +

28 ნოემბერი. 2018. 01:20

 

„ეკონომიკური თვალსაზრისით, წარმატების ობიექტური საზომი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით არის  ხელშესახები ციფრები - სიღარიბე თითქმის 10%-ით არის  შემცირებული, თუმცა ეს პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როდესაც ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზეა საუბარი,   აუცილებელია, რომ სოციალური პოლიტიკა იყოს ისეთი, რომ ამ განვითარების კალაპოტს მიღმა არ დარჩეს საზოგადოების რომელიმე ჯგუფი, ოჯახი ან თუნდაც ერთი მოქალაქე.

 

„პირადად მე ასე ვაფასებ - წარმატების მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს სიღარიბის შემცირება და დამარცხება. მაგრამ იმ პროპაგანდის ფონზე, რასაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ, აუცილებელია, ვიხელმძღვანელოთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმებით. ეს უნდა იყოს ისეთი კრიტერიუმი, რითაც ხელმძღვანელობს მთელი განვითარებული მსოფლიო - საერთაშორისო რეიტინგები. რეიტინგები, რომელიც ეფუძნება ძალიან სოლიდური ინსტიტუტების კვლევებს. საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები. ბოლო კვლევებით, რაც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, 6-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ჩვენს ოპონენტებს კიდევ ყოფნით იმის ტყუილის რესურსი, რომ თქვან, თითქოს საქართველოში ბიზნესი ვერ ვითარდება. ჩემი ფინანსთა მინისტრად ყოფნის პერიოდში ყველაზე დიდი წარმატება ამ თვალსაზრისით იყო, როდესაც დაგვასახელეს მეხუთე სახელმწიფოდ ბიუჯეტის ტრანსფარენტულობის თვალსაზრისით. ამ დროს ჩვენი ოპონენტები გვესაუბრებიან, რომ ბიუჯეტის ხარჯები არ არის ტრანსფარენტული და გამჭვირვალე. მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი, რომ ბიზნესის ინდექსში ვიყოთ არა მეექვსე, არამედ 46-ე ადგილზე და სიღარიბის დაძლევაში გვქონდეს მეტი პროგრესი, იმიტომ, რომ მეექვსე ადგილს რომ მივაღწიოთ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ რეფორმებით, მაგრამ სიღარიბის დაძლევას სჭირდება უფრო კომპლექსური მიდგომა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner