logo_geo
eng_logo
შსს-მ პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
- +

24 თებერვალი. 2016. 21:52



შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული შენგელი ., 1970 წელს დაბადებული მურმან . და 1986 წელს დაბადებული ომარ . წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.


პოლიციაში შესული შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ხე-ტყე უკანონოდ იჭრებოდა. მითითებულ ადგილზე მისვლამდე, პოლიციელებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფოდაანში, ტყის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე, საეჭვოდ მოძრავი „ფორდ-ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსი შენიშნეს.


სამართალდამცველებმა ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მიკროავტობუსის მძღოლმა, შენგელი ტ-მ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


შენგელი ტ-ს დაკავების მომენტში, ინციდენტში ჩაერთვნენ იმავე ტერიტორიაზე მყოფი მურმან გ., და ომარ ბ. თანმხლებ პირებთან ერთად. მათ შენგელი ტ-სთან ერთად, პოლიციის სამ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.


სამართალდამცველებმა შენგელი ტ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ხოლო მურმან გ-მ და ომარ ბ-მ მიმალვა შეძლეს. ისინი პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.


ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ინციდენტის დროს სამივე ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შემთხვევაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.


პოლიციელებს, რომელთაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ.


გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner