საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „ალიასთან" ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა:
„ჩვენ ძირითადად იმ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა, რაც მეხება მე და ჩემს დამოკიდებულებას საპარლამენტო უმრავლესობასთან, ანუ როგორ გავაგრძელებდი ამ ურთიერთობას პარტიის დატოვების შემთხვევაში.
მისი სურვილია, რომ მხარი დავუჭირო არჩევნებამდე უმრავლესობას იმ საკითხებში, რაზეც პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ". მე დავეთანხმე, რადგან არ ვარ უმადური, ამ ეტაპზე მოსული ვარ „ქართული ოცნების" პარტიული სიით, მისი პროგრამით და ბუნებრივია, ვერ გავექცევი ვალდებულებებს. მე ჩემს მოსაზრებებს არ უარვყოფ NATO-სთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსივით ივანიშვილს გავემიჯნო და ლანძღვა დავუწყო.
ძალიან ბევრი მოვიდა მის ხარჯზე პოლიტიკაში, პარლამენტში, მერე გაემიჯნენ და ფაქტობრივად, ყველა საკითხში აკრიტიკებენ, შინაგანად ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან", - განაცხადა მეჭიაურმა.