„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებიდან გადმოდიან“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება.
როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებენ, ხმას საქართველოს თავისუფლებას და გამთლიანებას აძლევენ. ისინი ამბობენ, მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ვერ დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამ კუთხით სასიკეთო ცვლილებების იმედი აქვთ.
„არ მგონია, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს. ეს რთულია, მაგრამ პროგრესი იქნება“, - ამბობენ ისინი.
ენგურის ხიდზე ფეხით გადმომსვლელთა უმეტესობა ამბობს, რომ არც გადმოსვლის და არც ტრანსპორტის პრობლემა არ ჰქონიათ.
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 107-ვე უბანი დროულად გაიხსნა.
ზუგდიდში მეორე ტურისთვის 120 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც წინა ტურთან შედარებით 228-ით მეტია.