დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯასტინ მაკენზი სმიტის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური მშვიდ და თავისუფალ ვითარებაში ჩატარდება.
„მე და ჩემი კოლეგები დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით წინასაარჩევნო გარემოსა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში და მოხარული ვართ, აქ, მარნეულში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე. მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია ქვეყანა გაერთიანდეს ეროვნული ინტერესების გარშემო", - განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.
მარნეულის N 1 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო მისიით იმყოფებიან დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, ნიდერლანდების ელჩი იოს დაუმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი. ისინი დღის განმავლობაში რამდენიმე საარჩევნო უბანს ეწვევიან და დააკვირდებიან ხმის მიცემის პროცედურებს.