საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც ხმა ვაკის რაიონის მე-2 ოლქის №16 საარჩევნო უბანზე მისცა.
მინისტრის განმარტებით, მან საქართველოს ევროპულ არჩევანს, დემოკრატიულ განვითარებასა და სტაბილურობას მისცა ხმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში საქართველომ გააგრძელოს იმ რეფორმებით სვლა, რომელსაც აქამდე ახორციელებდა და დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც საქართველო გააგრძელებს გონივრულ და გააზრებულ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის განვითარების, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით, რაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან კომენტარისას დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დღევანდელ დღეს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში გახსნილ საარჩევნო უბნებსა და მათი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
„მინდა განვაცხადო, რომ 39 ქვეყანაში, საქართველოს საზღვარგარეთ წარმომადგენლობებში გახსნილია 55 საარჩევნო უბანი. ჩვენი ქვეყნის საელჩოები უზრუნველყოფენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ გახსნილ ყველა უბანზე ჩაატაროს არჩევნები შესაბამის პირობებში და მშვიდობიან გარემოში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ჩვენს წარმომადგენლობებში გახსნილი უბნების დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე, რათა ჩვენ თანამემამულეებს საშუალება ჰქონდეთ, მათთვის ხელსაყრელ დროს მივიდნენ და განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.