იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ არჩევანი იმ კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც პროგრესის გზაზე მთავრობისა და „ქართული ოცნების“ საუკეთესო პარტნიორი იქნება.
„ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც გახსნის ევროპულ პერსპექტივას, რომელიც იქნება მთავრობისა და „ქართული ოცნების“ საუკეთესო პარტნიორი, რომ ქვეყანა ვატაროთ პროგრესის გზაზე, რადგანაც მეორე კანდიდატის მხარეს არის წარსული და არ ვფიქრობ, რომ წარსულში უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა. ამ წარსულიდან ჩვენ ექვსი წლის წინ გამოვედით საერთო ძალისხმევით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, არჩევნების გაყალბებაზე, იუსტიციის მინისტრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი არჩევნების შედეგად დაამტკიცა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია და ამომრჩეველი არის თავისუფალი.
„მთავრობა და სახელმწიფო არ დაუშვებს რამე ტიპის დესტაბილიზაციას. არავითარი გაყალბება არ დაგეგმილა და, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რადგან მრავალი არჩევნების შედეგად დავამტკიცეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატია და ამომრჩეველი არის თავისუფალი, მისცეს ხმა, ვისაც სურს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.