პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და „რუსთავი 2“ პროვოკაციულ ფონს ქმნიან იმ უბნებზე, სადაც ტელეკამერები ან უცხოელი დამკვირვებლები გამოჩნდებიან.
„ფიქსირდება კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ხდება გააქტიურება და პროვოკაციული ფონის შექმნა იქ, სადაც გამოჩნდებიან ტელეკამერები ან უცხოელი დამკვირვებლები. მაგალითად, ასეთი შემთხვევა მოხდა ვაკის მე-11 უბანზე, როდესაც იქ გამოჩნდნენ უცხოელი დამკვირვებლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ მადლობა მინდა ვუთხრა რიგით მოქალაქეებს, ცესკო-ს წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს, ვინც უბანზე იმყოფებოდნენ. არც ერთი მათგანი პროვოკაციას არ წამოეგო, დაძაბულობის ფონი არ შექმნეს, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მთელი დღის განმავლობაში „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ხდება პირდაპირი ზეწოლა, პროვოკაციული ფონის შექმნა, მაგრამ მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, დღის ბოლომდე შეინარჩუნონ სიმშვიდე, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც იგეგმება იმისათვის, რომ სიცრუით და ძალადობით რამენაირად არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი დააყენონ. დღეს ჩვენ დავამთავრებთ ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა წინა არჩევნებზე, პროცესი ჩაივლის მშვიდად, დემოკრატიულად და არავინ წამოეგება მათ პროვოკაციებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.