ქალაქ გორის 84-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ გარეჯვარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ოცნების“ მხარდამჭერებს სიები გასტაცეს და ამომრჩეველთა გვარებს თანხები მიაწერეს. აღნიშნულ ინციდენტს „კვირას“ ჟურნალისტი შეესწრო და დამადასტურებელი კადრებიც მოიპოვა.
„გორიჯვარში ვიყავით 50-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენთან 3 ადამიანი მოვიდა, აქედან ერთი ასაკოვანი ქალბატონი იყო და 2 ახალგაზრდა, რომლებიც ვიდეოკამერებით გვიღებდნენ. გვკითხეს ვინაობა. როდესაც ვუპასუხეთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ვიყავით, სამივე „მარშრუტკის“ წინ ჩაგვიდგნენ და ჩვენი პირადი ნივთები გაიტაცეს. აქ ჩვენ გვქონდა ჩვენი მხარდამჭერების სიები.
რეალურად მხარდამჭერების შესახებ ჩანაწერები ჯაბახიძემ ძალისმიერი გზით წაგვართვა, იქ თანხები მიწერილი არ იყო და მათ თავად მიაწერეს ხელით. ამ ფორმით აწყობენ პროვოკაციებს“, – განაცხადა „კვირასთან“ მარიამ ალავერდაშვილმა.
მსგავსი შემთხვევა გორში, 84-ე საარჩევნო უბანზეც დაფიქსირდა, „ოცნების“ მხარდამჭერების განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა მედეა აბაშიძემ „ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერის კუთვნილი ავტომანქანიდან, ასევე ძალისმიერი მეთოდით, გაიტაცა სიები და მიმდებარე ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.
მმართველ პარტიაში ვარაუდობენ, რომ გატაცებულ სიებს აქაც, ანალოგიურად მიაწერენ თანხებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბასილისა ჯაბახიძემ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გორის რაიონის სოფელ პატარა გარეჯვარში მას ხელში ჩაუვარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სიები, რომელთა გვარებს გვერდზე მიწერილი ჰქონდა თანხები. შესაბამისად, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველი გუნდი ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულეს.
როგორც გორიდან „კვირას“ კორესპონდენტი იუწყება, გორის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის წევრის კახა ლობჟანიძის ავტომანქანით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან მოქალაქეები, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერებს ვიდეოებს უღებენ.