ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში იმიტომ შეჰყვა, რომ ხანდაზმულმა ამომრჩეველმა მას დახმარება სთხოვა.
ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დეპუტატი უბანზე იმყოფებოდა, როგორც რიგითი ამომრჩეველი.
„გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი. კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას დახმარება სთხოვა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში დარღვევას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ამომრჩევლის ნაცვლად შემოხაზა კანდიდატის საარჩევნო ნომერი.
გავრცელებული ინფორმაციით, აბაშაში, №10 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა და მის მაგივრად შემოხაზა ბიულეტენი.