logo_geo
eng_logo
ცესკო: დეპუტატი შოთა ხაბარელი ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა და მას აკრედიტაცია გაუუქმდა
- +

28 ნოემბერი. 2018. 17:37

 

 

ცესკო ადასტურებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

 

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაბამისად, დეპუტატს გაუუქმდა აკრედიტაცია.

 

„ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება გარკვეული პროცედურული ხარვეზები. მაგალითისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევას, მას გაუუქმდა აკრედიტაცია“, - აღნიშნა მიქელაძემ.

 

ცესკო-ს პრესსპიკერმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაციებზეც ისაუბრა.

 

„ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოტოსურათიანი სია არასდროს ყოფილა ჩატვირთული უბანზე არსებულ პლანშეტებში. პლანშეტების მეხსიერება არ იძლევა ამის შესაძლებლობას.

 

ინფორმაცია გლდანში #68 საარჩევნო უბანზე, რომ თითქოსდა კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ და საარჩევნო ყუთი დატოვებული იყო, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

ხულოს #1 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთით ხმის მიცემისას ამომრჩეველი არ იმყოფებოდა სახლში. ის საავადმყოფოში იმყოფებოდა და მის ნაცვლად ხმა მისცა მისმა მეუღლემ. ვინაიდან დაირღვა ხმის მიცემის პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს ამ საარჩევნო ყუთის ბათილობის შესახებ.

 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმა ამომრჩეველმა ვაკის #2 და #14 საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს ყალბი პირადობის მოწმობებით. ჩვენ რა თქმა უნდა, გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და ერთ შემთხვევაში მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადობის მოწმობა, უბრალოდ ეს პირადობის მოწმობა იყო დიდიხნის წინ აღებული. ხოლო მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი - პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა, თუმცა პირადობის მოწმობების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

 

დიდუბის #11 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა უბანზე ყოფნის უფლებამოსილების მქონე პირი. იგი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის" წევრი. აღნიშნული პირი საარჩევნო უბნის შესასვლელთან ახორციელებდა ამომრჩეველთა მონაცემების ჩაწერას და დამუშავებას. საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო შესაბამისი ზომები და აღნიშნულმა პირმა დატოვა უბანი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner