შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ რეგიონებში მობილიზებულია პოლიცია, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობით.
მინისტრის თქმით, პოლიციის გადაადგილებაში განსაკუთრებული არაფერია და ასეც გაგრძელდება.
„წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის, მშვიდ გარემოში გაკეთდეს არჩევანი, რომლის ფარგლებშიც საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, როგორც განვსაზღვრავთ. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე, როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდმაც ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. ჩვენ ველოდებით იმას, რომ შსს და პოლიცია იქნება კონსტრუქციული და იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა გამოწვევას, რომელიც შეიძლება იყოს. რაც შეეხება მარნეულს, ეს არის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც იღებს მონაწილეობას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მიკროფონი და კამერა, ისე გააჩნია პოლიციას თავისი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც ისინი გადაადგილდებიან. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.