ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა „ფოსტალიონთან" საუბარში აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობას
„სააკაშვილის მმართველობის დადებითი შედეგებიდან, მე გამოვყოფდი პატრულის რეფორმას, მისაღები გამოცდების რეფორმას, ბათუმის, სიღნაღის, პლეხანოვის რეკონსტრუქციას. მე, როგორც ბათუმელი, ბათუმის რეკონსტრუქციას ყველაზე დადებითად ვაფასებ. თუმცა პოლიცია პოლიტიზირებული იყო და რეჟიმის სადამსჯელო იარაღად იქცა, განათლების ხარისხით მაჩანჩალები ვართ, ხოლო ბათუმს რაც შეეხება, უცხოელებს ბევრი უფლებები მისცეს, ადგილობრივების შევიწროების ხარჯზე.
სააკაშვილმა დაგვიტოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა და 11 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი. მან უზარმაზარი ფული ამოიღო ხალხისგან და ჯიბეში ჩაიდო. 2012 წლამდე აღძრული იყო 900 000 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 99,99% გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა, ანუ ამ საქმეების მონაწილეებმა გადაიხადეს, საპროცესო გარიგების თანხა და არა ბიუჯეტში, არამედ რაღაც ფონდებში და ბევრ ბიზნესმენს , პირდაპირ ოფშორებში არიცხვინებდნენ ფულს. 5000 ლარზე ნაკლები საპროცესო თანხა მე არ მსმენია.
მიღებული 4-მილიარდიანი დახმარება სად წავიდა, ვერავინ შეამჩნია. ქვეყანა დატოვა გაძარცვული, გაუპატიურებული და დაბეჩავებული, თავად კი მილიარდებით გაქუსლა, არ დამიჭირონო",- განაცხადა გოგავამ.