logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალებზე“: თუ ძალაუფლებას ხელში აიღებენ, ისევ 2003 წელში დაგვაბრუნებენ!
- +

18 მაისი. 2016. 21:42


რომელ პარტიებს შეუძლიათ გარანტირებულად გადალახონ საარჩევნო ბარიერი და რომელია ის შვიდი პარტია, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ? ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე „მეტრონომთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს.


- თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა პარტია „ქართული ოცნება" არჩევნებამდე ელექტორატის მობილიზებას, რათა  შედარებითი უპირატესობა მოიპოვოს? იმის ფონზე, რომ ბოლო დროს მეჭიაურის ფაქტორმა „ქართულ ოცნებაში" არეულობა გამოიწვია და ამომრჩეველი დააბნია. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ როცა ის პარტიის ლიდერი გახდება, ასეთ ადამიანებს პარტიაში არ გააჩერებს.


- გეთანხმებით, იყო გარკვეული დაბნეულობა, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ პარტია „ქართული ოცნება" როგორც ასეთი, მხოლოდ ახლა ფორმირდება. ყრილობაც არ იყო ისეთი, ჩემი აზრით, როგორიც უნდა ყოფილიყო, უფრო დეტალური უნდა ყოფილიყო. ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა, ახალი სახეები, რომლებიც პრემიერმა კვირიკაშვილმა წარადგინა და პოლიტ-საბჭოს წევრები გახდნენ, შესაძლოა, ბევრს არაფერს გვეუბნებოდეს, მაგრამ რაღაც პროცესი ამით დაიწყო. უნდა ვნახოთ პროცესი როგორ დასრულდება და როგორი იქნება მისი საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგში ვგულისხმობ სიას, რომელსაც „ქართული ოცნება" წარადგენს. ამ სიის ანალიზით შევძლებთ გარკვეული პროგნოზირების გაკეთებას - გაიწმინდა „ქართული ოცნება", ისევ პრო-დასავლურია რეალურად, თუ ეს ჯერ რაღაც ლოზუნგის დონეზე დარჩა და ა.შ.


ამიტომ, პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, მაგრამ მიდის იქით, რომ  „ქართული ოცნება" თანდათან ხდება არამარტო ქვეყნის გარეთ, არამედ საშინაო პოლიტიკის ჩათვლით, თანამოაზრეთა გაერთიანება. ბუნებრივია, პარტია ასეთი უნდა იყოს. ზოგადად, ეს არის პარტიის დანიშნულება.


რაც შეეხება შედეგს, მეჭიაური იქნება სიაში თუ არ იქნება, გულწრფელად რომ გითხრათ, ამომრჩეველზე ძალიან არ იმოქმედებს. ამომრჩეველი „ქართული ოცნებისადმი" გულგრილი გახდა არა იმიტომ, რომ პარტიაში საგარეო ვექტორმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, არამედ იმიტომ, რომ რეალურად, მის მიმართ დიდი მოლოდინი იყო და ეს მოლოდინი ვერ გამართლდა. შესაბამისად, მოხდა ამომრჩევლის დაკარგვა. ბუნებრივია, რომ როდესაც პარტია ხელისუფლებაში მოდის, მას რეიტინგი და მხარდაჭერა მოსახლეობაში სულ სხვა აქვს, მაგრამ იგივე მხარდაჭერა 4-წლიანი მმართველობის შემდეგ ვერ ექნება.


მგონია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დღეს ისეთი პოლიტიკური ძალა არ არის, რომელიც ამომრჩეველს მიიზიდავს. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი ან არჩევნებზე არ მივა, ან თუ მივა, მხარს ისევ „ქართულ ოცნებას" დაუჭერს. ვგულისხმობ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" უნდა წარმართოს სწორი საარჩევნო კამპანია. მას დასჭირდება საკმაოდ აგრესიული პოლიტიკის წარმოება, რომ ეს ამომრჩეველი არჩევნებზე მოიყვანოს და თავისკენ მიიზიდოს. ამ შემთხვევაშიც კი, არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ" 76 მანდატი მიიღოს. უნდა ველოდოთ, რომ იქნება კოალიციური მთავრობა.


- რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", ბოლო დღეებში გიორგი ვაშაძე გამოეყო პარტიას. მან ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა. რამდენად დააზარალებს ეს ნაციონალურ მოძრაობას? ასევე ცნობილი გახდა სიის პირველი ათეულის ვინაობა. როგორ შეაფასებთ ამ ათეულს?


- „ნაციონალური მოძრაობა" ამ ოთხი წლის განმავლობაში თავის ამომრჩეველთან ერთად ჩამოყალიბდა გარკვეულ კასტად, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მას ჰყავს საკმაოდ მყარი ამომრჩეველი. ამ მნიშვნელოვანი ამომრჩევლის ჩამოშორება, თუ ვინმეს ეს მიზნად აქვს დასახული, იქნება ეს ვაშაძე, „გირჩი" თუ სხვა, მე მგონი შეუძლებელია. ჯერჯერობით ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობა ისევ და ისევ „ნაციონალების" მხარდამჭერად რჩება. ისევე, როგორც ის ხალხი, რომელიც „ქართულ ოცნებას" ჩამოშორდა. მათი უმრავლესობა არ გადავა „ნაციონალური მოძრაობის" მხარეს. მათ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ" იმედი გაუცრუა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" მისაღები ნამდვილად არ იქნება.


რაც შეეხება ათეულს, რომელიც მათ წარადგინეს, ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა შეეცვალა ფასადი, ეს ის ათეულია, რომელთაც მეტ-ნაკლებად ადამიანური სახე შენარჩუნებული აქვთ. ამიტომ, როცა „ნაციონალურ მოძრაობაზე" ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია არა პირველი ათეული, არამედ ვინ იქნება შემდეგ ათეულებში. ადრე ასეთი გამოთქმები იყო: კომუნისტი და „ნაღდი" კომუნისტი. დღესაც, თუ ამ ტერმინოლოგიას გადმოვიტანთ, პირველი ათეული არის „ნაციონალების"... „ნაღდი ნაციონალები" იქნებიან მეორე ათეულში. რასაც ახლა ლაპარაკობენ, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და ა.შ. მართლა შეიძლება მათ სიტყვებს ვენდოთ, თუ ეს სიტყვები იქნება იქამდე, სანამ ძალაუფლებას ხელში აიღებენ და მერე ისევ 2003 წელში დაგვაბრუნებენ.


ამიტომ, ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა „ნაციონალებიდან" ჩამოშორება, ამ არჩევნებისთვის, მაინც ვფიქრობ, დიდ შედეგს ვერ მიიღებს.


- „გირჩსაც" შევეხოთ, ის „ნაციონალებისგან" წამოსული წევრებისგან შედგება, რაც მათთვის მთლად პოზიტივი არ არის. წაართმევენ თუ არა ხმებს „ნაციონალებს" და ეს ხმები საკმარისი იქნება თუ არა ბარიერის გადასალახად?


- ხმებს რა თქმა უნდა, ვაშაძეც წაართმევს და „გირჩიც", მაგრამ აქ საკითხავი ისაა, რომ ეს წართმეული ხმები მათ ეყოფათ იმ 5%-იანი ბარიერის დასაძლევად? ამდენი ხმები „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს. მათი ხმები სადღაც 200 000-დან პლუს - 50 000-ია, თუ ყველაზე ცუდ ვარიანტში, მილიონნახევარი ამომრჩეველი მაინც მოვიდა, 80 000-იანი ხმა სჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვას და თუ 200 000-დან ამდენი „გირჩმა" წაიღო და ამდენივე ვაშაძემ, მაშინ მათ საერთოდ აღარაფერი დარჩებათ. ამიტომ, არ მგონია, ამ პარტიებს, რეალური შანსი ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადასალახად.


საერთოდ, პოლიტიკურ სპექტრში რომ გითხრათ, არის ორი პარტია, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული აქვს, ეს არის - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". შემდეგ მოდის 6-7 პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთაც შანსი აქვთ, სწორი დაგეგმვის და კარგი მუშაობის შემთხვევაში გადალახონ 5%-იანი ბარიერი.


- „რესპუბლიკელებს" თუ აქვთ შანსი?


- თუ სწორად იმუშავებენ, შანსი აქვთ შემდეგ პარტიებს: „ეროვნული ფორუმი", „რესპუბლიკელები", „თავისუფალი დემოკრატები", ბურჯანაძე, „ლეიბორისტები", პაატა ბურჭულაძე და „პატრიოტთა ალიანსი". რომელი შეძლებს აქედან გადალახვას, დღესდღეობით საკმაოდ რთულია ამაზე ლაპარაკი. დანარჩენ პარტიებს, უბრალოდ შანსიც არ აქვთ.


- გასაგებია, თქვენი პოზიცია, რომ ფიქრობთ, ამ პარტიებს ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, მაგრამ შედარებითი უპირატესობა ვის შეიძლება ჰქონდეს? მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატები" გამოკითხვების მიხედვით, მესამე ადგილზე არიან. ე.წ კაბელების საქმის ირგვლივ ხმაურია, ისინი აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მათთვის უკვე დაიწყო. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის ფონზე არ გაეზრდებათ მათ შანსები?


- მე იმიტომ ჩამოვთვალე პარტიები და ერთ ჯგუფში მოვაქციე, რომ მათ შორის ჩემი აზრით, ბარიერთან მიმართებაში ძალიან დიდი განსხვავება არ არის, შეიძლება ვცდები. ალბათ უნდა დაველოდოთ პროცესებს და შეფასება თუ ვინ როგორ მუშაობს და რა შედეგები იქნება, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი, იმიტომ, რომ ჯერჯერობით საარჩევნო პოლიტიკური სპექტრი დალაგებული და ჩამოყალიბებული არ არის. არ არის გამორიცხული შეიქმნას ბლოკები და ალიანსები. ამიტომ აქედან ლაპარაკი, რა იქნება ოქტომბერში, ყავაზე მკითხაობაა. ეს ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას შეიძლება ჩამოყალიბებული აზრი აქვს. მე ესე ამ პარტიებს ვერ ვხედავ.


ვთვლი, რომ პრობლემა არა მარტო ამ 7 პარტიას აქვს, თვით „ქართულ ოცნებასაც" პრობლემა აქვს. მე დღეს რომ ვუყურებდი მის განახლებულ შემადგენლობას, ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები გამიჩნდა, თუ ვინ უნდა ააწყოს არჩევნების მეურნეობა, ვინ შეძლებს ამას, ალბათ საგანელიძე, მაგრამ ერთი საგანელიძე ამას არ ეყოფა. ამ მხრივ, ყველაზე კარგია გამოცდილება, რაც საკმაოდ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას". მას რომ ნეიტრალური ამომრჩევლის მხარდაჭერა მოეპოვებინა ამ ოთხი წლის განმავლობაში და სხვაგვარი სტრატეგია ჰქონოდა და ამაზე ემუშავა, ის იქნებოდა ფავორიტი ძალა ისევ, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს.


- პაატა ბურჭულაძე გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. როგორ შეაფასებთ ბურჭულაძის ამ ნაბიჯს? რა შანსები შეიძლება ჰქონდეს, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ზოგი მათ „ნაციონალების" სატელიტსაც უწოდებს...


- მე ამ იარლიყებს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე, „ნაციონალების სატელიტი", მოღალატეები, ანტიეროვნულობა და ა.შ. იმიტომ, რომ ბოლო 25 წელია აგენტებით და მოღალატეებითაა სავსე ქვეყანა. ამიტომ, ამას ცოტა ირონიულად ვუყურებ. თუმცა, როდესაც ბატონმა ბურჭულაძემ განცხადება გააკეთა და პოლიტიკაში მის მოსვლასთან დაკავშირებით ილაპარაკა, ჩემი აზრით, ცოტა უფრო ზომიერი განცხადება უნდა გაეკეთებინა, როდესაც შენ გამოდიხარ, იწყებ პოლიტიკურ მოღვაწეობას და იგივე მესიჯებს იმეორებ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" მთელი ეს 4 წელია ლაპარაკობს, ანუ პრო-დასავლური ორიენტაცია და არაფორმალური მმართველობა, ბუნებრივად უნდა ელოდო, რომ ამ საზოგადოებაში ასეთი მესიჯების გაჟღერებას სწორედ ისეთი შეფასება მოჰყვებოდა, რაც გააკეთეს „ქართული ოცნების" წევრებმა, იქნება ეს კობახიძე, ქანთარია თუ სხვა.


ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბატონ ბურჭულაძეს უფრო მოზომილი პოლიტიკა დასჭირდება, რომ შემდეგ არ იმართლოს თავი, რომ ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ა.შ.


მე გითხარით, რომ პრობლემა დგას არჩევნებთან და ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ზუსტად ეს პრობლემა უდგას ბატონ ბურჭულაძესაც. საკმაოდ რთული და მძიმე სამუშაოა, რომელიც გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ხმებს მიიღებ, ამ ხმებს დაცვა სჭირდება, მოპოვება სჭირდება, პარტიას ჩამოყალიბება, სტრუქტურირება სჭირდება და ა.შ. აქაც არ ვიცი რამდენად შეძლებს ამ ყველაფერს ბურჭულაძე, მით უმეტეს, როგორც აღნიშნეთ, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.


მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სიმპათიური გუნდია, თავად პაატას მიმართ საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება არის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, პოლიტიკური წარსული არ ამძიმებს. მგონია, რომ თუ ორგანიზაციულ მხარეს მოაგვარებს, მასაც აქვს შანსი გადალახოს 5%-იანი ბარიერი.

 

- თანაც IRI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 75% მას დადებითად აფასებს ...


- რა თქმა უნდა ექნება, იმიტომ, რომ ამ კაცს მართლა თუ რამე უკეთებია, გულწრფელად სუფთა სინდისით ხალხისთვის უკეთებია. იგივე ფონდი „იავნანას" მოღვაწეობა, როგორ შეიძლება უარყოფითად შეაფასო. თავადაც, პიროვნება როგორც ჩანს კომუნიკაბელურია. ასე რომ, ეს გასაგებია და ძალიან კარგია, სასტარტო პირობები მას აქვს. ახლა როგორ შეძლებს საზოგადოებრივი კეთილგანწყობის გადატანას პოლიტიკურ კაპიტალში, ეს ფაქტორია.


- თქვენ ახსენეთ, რომ წელს შესაძლოა მულტიპარტიული პარლამენტი მივიღოთ...


- დიახ, მულტიპარტიული პარლამენტი საინტერესო იქნება. როდესაც იძულებულები იქნებიან პოლიტიკოსები რომ ითანამშრომლონ, ეს მულტიპარტიულობა და კოალიციურობა იმასაც ნიშნავს, რომ თან თანამშრომლობენ და თან ერთმანეთსაც აკონტროლებენ, ეს საკმაოდ დადებითი მოვლენაა და ვნახოთ რა იქნება ქართულ რეალობაში.



ნინო ცხადაია

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner