„The Washington Post“ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება.
„საფრანგეთში დაბადებული დიპლომატი საქართველოს არჩევნებში იმარჯვებს“, – წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ამომრჩეველთა ხმების 58% მიიღო.
„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტ ტესტად განიხილებოდა“, – წერს „Washington Post“.
გამოცემა სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას მიმოიხილავს და წერს, რომ ბევრი ქართველი მას რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებდა.
„ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის მიერ უცხოეთში მიღებული გამოცდილება პრეზიდენტად სამსახურში დაეხმარება, მაშინ როდესაც საქართველო ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს“, – წერს ამერიკული გამოცემა.
„საფრანგეთში დიპლომატიური სამსახური, საქართველოს სამსახური იყო. ყველამ იცის, რომ მე ვარ ქართველი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მე ძალიან კარგად ვიცი დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი“, – მოჰყავს სალომე ზურაბიშვილის სიტყვები „Washington Post“-ს.