უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მიხვდნენ, რომ სააკაშვილის მხარდაჭერა დამაზიანებელია და მათ ყველა მიღწევას ფასს უკარგავს.
„დემოკრატიებში ასეა მიღებული, თუ პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, ის კარგავს ყოფილი პრეზიდენტის სტატუსსაც კი. სააკაშვილმა უარი თქვა ოდესის გუბერნატორობის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეობაზე. არავის ჩამოურთმევია, მან ამ თანამდებობაში გაცვალა საკუთარი მოქალაქეობა, ამიტომ თავად დაკარგა საქათველოს მესამე პრეზიდენტად წოდების უფლება. თანამდებობაში გაცვალა მოქალაქეობის ერთგულების ფიცი. მას ვუწოდებ ოდესელ პოლიტიკოსს. იქამდეც კი მივიდა, რომ თავის სახელზე აშენებულ ბიბლიოთეკას უკრაინულად დააწერა სააკაშვილის ბიბლიოთეკა, ოდესელების გული რომ მოეგო.
რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, მგონი, ყველა დარწმუნდა, მათ შორის მისი მხარდამჭერებიც, რომ ამ კაცის დიქტატისგან გათავისუფლებაზე გადის მათი პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში. გუშინ სწორი პასუხი გასცეს მიხეილ სააკაშვილს და უთხრეს, რომ ერთი კაცის აზრი არ ნიშნავს მათ გადაწყვეტილებას. ისინიც მიხვდნენ, იმდენად დამაზიანებელია ამ ადამიანის მხარდაჭერაც კი, რომ ყველა მათ შრომას და ყველა მიღწევას ფასს უკარგავს. ამიტომ მოვუწოდებ, რაც მალე დაასრულებენ ურთიერთობას ოდესელ გუბერნატორთან, მით მალე გაუჩნდებათ შანსი, ქართულ პოლიტიკაში სხვა შედეგი აჩვენონ“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამასთან, მისი შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში სამი სტრატეგიული შეცდომა იყო.
„ვაშაძის კამპანიის მთავარი მინუსები იყო: დამნაშავეების უაპელაციოდ შეწყალების უფლება, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის უაპელაციოდ სამშობლოში პოლიტიკური ასპარეზის მიცემის დაპირება და უაპელაციოდ ისეთი დაპირებების გაცემა, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის. ჩემი აზრით, ამ სამმა სტრატეგიულმა შეცდომამ დაასამარა მათი გამარჯვების მოლოდინი მეორე ტურში, რადგან სააკაშვილთან ერთად, ტყუილი დაპირებებით არჩევნებში გამარჯვება შეუძლებელია“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.