ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე „გზასთან“ საუბრისას სესხების განულების ინიციატივას ეკონომიკური თვალსაზრისით აფასებს.
„დავიწყებ იმით, რომ „შავ სიაში“ შეტანილი ვალების თითქმის 95 პროცენტი ისეთი სესხებია, რომელთა ძირი თანხაც 2 000 ლარს არ აღემატება. ლაპარაკია ხალხზე, რომელსაც 2 000 ლარზე უფრო მცირე სესხი აქვს და ვერ ისტუმრებს. ეს ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად აღებული კრედიტებია, როცა ადამიანს ფული დასჭირდა და იძულებული გახდა, ვალი აეღო. თანაც, ეს უიმედო, ჩამოწერილი სესხებია: ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამ ფულს უკან დაიბრუნებდნენ. ახლა კი, მათ შედარებით ნაკლებ თანხას გადაუხდიან იმ პირობით, რომ ამ ადამიანს ვალს ჩამოაწერენ. ჩემი აზრით, კომერციული დაწესებულებები მოგებაში არიან, რადგან ფაქტობრივად, დაკარგული ფული უბრუნდებათ. ამიტომ, ეს წინადადება მათთვის მისაღები უნდა იყოს: ბანკები უიმედო სესხებს მოიცილებენ და თანხის ნაწილს უკან დაიბრუნებენ, ხოლო ფიზიკური პირები, რომლებსაც ეს თანხა ჩამოეწერებათ, თავისუფლად ამოისუნთქავენ და ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდებიან. ასე რომ, ორივე მხარე მოგებული დარჩება. მართალია, ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში გახმაურდა და ამან ბევრს გაუჩინა განცდა, რომ ყველაფერი პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი, მაგრამ თუ გაჭირვებული ადამიანი წლების განმავლობაში ვალის გადახდას ვერ ახერხებს და ვინმე ხელს წაუკრავს, ამას რა ჯობია?“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.