საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 47 595 ბიულეტენი გაბათილდა. კანონმდებლობის თანახმად, ბიულეტენი ბათილად რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის მაშინ, თუკი ამომრჩეველი ხმას არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ აძლევს და ყველა მათგანს ხაზავს.
„ინტერპრესნიუსი“ ცესკო-დან დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა მონაცემები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რამდენმა ამომრჩეველმა გადახაზა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, თუმცა ცესკო-მ სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია არ მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში სულ 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 780 635-მა გრიგოლ ვაშაძეს, 1 147 625-მა კი სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა. ჯამურად, ვაშაძისა და ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 1 928 250 ამომრჩეველს შეადგენს.