საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ევროპასა და რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნებას არ აპირებს.
როგორც ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, საქართველო ევროპული ქვეყანაა, ხოლო რუსეთთან ურთიერთქმედება დღეს შეუძლებელია.
„ჩემზე შეცდომით ამბობდნენ, რომ ბალანსის შენარჩუნება მინდა. ესეც ყალბი ახალი ამბების ნაწილია. მე რუსეთთან ურთიერთქმედებაზე არასდროს მისაუბრია. ვიდრე რუსეთი საოკუპაციო ხაზზე ასე იქცევა და ადამიანებს ყოველდღე იტაცებენ, ხოლო ეს ხაზი, რომელიც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს, საქართველოს ტერიტორიის შიგნით იწევს და სულ უფრო მეტად უახლოვდება თბილისს, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინაში, არ მგონია, რომ დღეს მოსკოვთან თანამშრომლობა შევძლოთ.
არ მგონია, რომ აქ ბალანსი არსებობს. საქართველო – დასავლეთია, ჩვენ ევროპა ვართ, თუ ჩვენი პარტნიორები რაიმე ფორმით დაიწყებენ რუსეთთან დიალოგს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და თვალს მივადევნებთ, რათა ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივისცემით მოეკიდონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.