მამუკა ბახტაძე: არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამაჯერებელ გამარჯვებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 100 პროცენტი დათვლილია, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა და სალომე ზურაბიშვილმა 20-პროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამაჯერებელ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მას უკვე მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, არჩევნებზე დაფიქსირდა ძალიან მაღალი აქტივობა.
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, მადლობა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, მის ყველა თანამშრომელს საარჩევნო პროცესის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ასევე მინდა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს. მოგეხსენებათ, რომ მათ მე პირადად ვთხოვე, გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ იმისათვის, რომ არჩევნების როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში დამკვირვებლების დიდი რაოდენობა იყო წარმოდგენილი საარჩევნო უბნებზე. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის. მიუხედავად პროვოკაციებისა და ექსცესებისა, მათ თავიანთი მოვალეობები შეასრულეს სანიმუშოდ. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს ნდობის ასეთი ხარისხისთვის.
დღეს მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა.
„ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ.
საერთო ჯამში, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.