უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვოლოდიმირ ოგრიზკო მიიჩნევს, რომ ქერჩის სრუტეში უკრაინის სამხედრო ხომალდებზე რუსეთის თავდასხმა და უკრაინელი მეზღვაურების დაპატიმრება მორიგი სადამსჯელო ოპერაციაა.
„რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება უკრაინას თავისუფლებისკენ სწრაფვისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების გამო სჯის. ამასთანავე, რუსეთის პროვოკაცია პირდაპირ კავშირშია 2019 წლის მარტში უკრაინაში ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან იმ მიზნით, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეიქმნას“, – განუცხადა უკრაინელმა დიპლომატმა „პირველ არხს“.
ვოლოდიმირ ოგრიზკომ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც ბუენოს აირესში 30 ნოემბერს გაიმართება, დასავლეთი ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას მოახდენს.
„რუსეთის შესაჩერებლად ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში უნდა განალაგოს, უნდა გახშირდეს NATO-სა და უკრაინა-საქართველოს ერთობლივი წვრთნები. ასევე, აუცილებელია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესოს.
რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესება პუტინის რეჟიმს მართლაც მნიშვნელოვნად დააზარალებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ოგრიზკომ „პირველ არხთან“ ინტერვიუში.