საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მოგილოცოთ წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მთლიანობაში ჩვენ შევძელით ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.
მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს, გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მათ მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება.
მადლობა უნდა გადავუხადოთ ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც სათანადოდ შეასრულა ფუნქციები.
მადლობა მინდა გადავუხადო ასევე დამკვირვებლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.