დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას არ აღიარებენ.
„მათი განცხადებების შეფასებას ვერ გავაკეთებ, ეს არის დამარცხებული გუნდი და მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ ძალადობას, კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ სიძულვილს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება წარსულში. მწარე და მძიმე გამოცდილება გვაქვს, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობა იყო, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორი საქართველო გვინდა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მე, როგორც დედაქალაქის მერმა, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თბილისი უკეთესი იყოს, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები. მათ დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა, არავინ ზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებაში. თუმცა, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. თუ იქნება გადაცდომა და რაიმე კანონსაწინააღმდეგო, რეაგირება იქნება შესაბამისი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია მოხდა ფაქტიურად. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას, განვითარებას. მათ სურვილი ჰქონდათ და ამაზე ღიად საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოეწყოთ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ქართველი ხალხი არის ბრძენი და ყველაფერს ხედავს. შეიძლება ჩვენც გვქონდეს შეცდომები, მაგრამ დანაშაული არ ჩაგვიდენია. ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოგვარდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასერიოზულია.