შსს-ს მომზადებული კანონპროექტით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა
-
+
30 ნოემბერი. 2018. 18:55
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი - „მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად“, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ახალი კანონის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:
- იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
- ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
- ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;
- მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
- მარიხუანას მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
- გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
- სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.
კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.