„ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ის იყო, როცა დასრულდა ძალადობრივი რეჟიმი, 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გავთავისუფლდი და ამჯერად, ციხის გარეთ თავისუფალი გარემო დამხვდა“, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ მისი უსამართლოდ დაკავების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას.
„ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ის იყო, როცა დასრულდა ძალადობრივი რეჟიმი, 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გავთავისუფლდი და ამჯერად, ციხის გარეთ თავისუფალი გარემო დამხვდა, მომეცა ნორმალური ცხოვრების საშუალება. 14 წლის ასაკში რაც გავაკეთე, არ იყო სამაგალითო საქციელი და ამისთვის პასუხი უნდა მეგო, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორითაც მოხდა. რეალურად შეკამათება მოხდა, რასაც მძიმე დაზიანება არ მოჰყოლია. დამაბრალეს ყაჩაღობა და თურმე, რადგან დაზარალებულისგან ფული ვერ მივიღე, ვითომ მისი მკვლელობა განვიზრახე. პირველივე ინსტანციამ გამამართლა ყაჩაღობაში, მეორემ გამამართლა ხულიგნობაში, მაგრამ წარმოუდგენელი მუხლი დამიტოვეს, თითქოს ყველანაირი მოტივის გარეშე, უცნობი ადამიანის მკვლელობა მქონდა გადაწყვეტილი. ალბათ, ყველას ახსოვს, რომ საქმე სტრასბურგში გავასაჩივრეთ, მაგრამ გამოგვატანინეს, ამის ფონზე მამა დააკავეს, რომელიც ერთ წელიწადში ციხეში გარდაიცვალა. არ მინდა ვიფიქრო, რომ მამა მოკლეს, მაგრამ როცა პროკურორს შევხვდი და გამოძიების დეტალებში ჩავიხედე, სულ სხვა ვითარებაა. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ნდობა მაქვს და ვიცი, ეს ადამიანები ისეთ ბოროტებას არასოდეს ჩაიდენენ, რაც „ნაციონალების“ დროს ხდებოდა. პროკურორს ვუთხარი, თუ მამაჩემი ციხეში დენის დარტყმის შედეგად არის გარდაცვლილი, მაშინ დახურეთ საქმე-მეთქი, მაგრამ პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირები მეუბნებიან, რომ მამა დენის დარტყმით არ არის გარდაცვლილი. უბრალოდ, ეს საქმე აქამდე იმიტომ გაიწელა, რომ იმ რეჟიმსა და ციხეშია მომხდარი, რთული გამოსაძიებელია“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.