აშშ-ში, ალასკას შტატის სანაპირო რაიონებში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის განგაში გამოცხადდა. „CNN“-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები, რომელთა სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღწევდა, შტატში დღეს, 30 ნოემბერს, შტატის უდიდეს ქალაქ ანკორიჯთან ახლოს დაფიქსირდა.
პოლიციის ცნობით, „ბევრი სახლი და შენობა დაზიანდა. მრავალი გზა და ხიდი დაიკეტა“.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ქაოტური სცენები ჩანს: ქალაქ ანკორიჯში მიწისძვრამ გზის ერთი მონაკვეთი ჩაიტანა. ასევე დაზიანდა ამავე ქალაქში მდებარე ტელევიზიის, „KTUU“-ს შენობა, რომლის მაუწყებლობაც მიწისძვრის შემდგომ შეწყდა.
როგორც კიდევ ერთი ტელეარხის, „KTVA“-ს თანამშრომლებმა „CNN“-ს განუცხადეს, მათი ოფისი იმდენად დაზიანებულია, რომ სტუდიაში შესვლას ვერ ახერხებდნენ.
„ჭერი ჩამოინგრა. სტუდიაში შესვლაც არ შეგვიძლია”, – აცხადებდნენ ისინი.
აშშ-ს გეოლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრას მინიმუმ 4 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. აქედან ყველაზე ძლიერი, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი კვლავ ქალაქ ანკორიჯში დაფიქსირდა.
ალასკას პოლიცია იმ ტერიტორიების მოსახლეობას მიმართავს, სადაც ცუნამის განგაშია გამოცხადებული და მოუწოდებს, შემაღლებულ ადგილებზე განლაგდნენ.