სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი 2018 წელს NATO-საქართველოს ურთიერთობებს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აჯამებს.
როგორც აპატურაი აცხადებს, მიმდინარე წელი NATO-საქართველოს თანამშრომლობის გასაღრმავებლად ძალიან კარგი წელი იყო.
„არსებითი პაკეტი, რომელზეც უელსის სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შესრულდა. ამ პაკეტის იმპლემენტაცია გეგმის მიხედვით წარმატებით განხორციელდა და ქართველი ხალხი ხედავს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგებს. ეს არის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი.
NATO-ს და საქართველოს აქვთ თითქმის უწყვეტი პოლიტიკური კონსულტაციები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა“,- აცხადებს აპატურაი.
აპატურაის თქმით, NATO-ში საქართველოს წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე დაუღალავად მუშაობს და მუდმივად ხელს უწყობს NATO-ს ყველა ოფისში საქართველოს ინტერესების აქტუალიზაციას.
„NATO-სა და საქართველოს შორის კონსულტაციები ყველა დონეზე მიმდინარეობს. ელჩი ალექსანდრე მაისურაძე დაუღალავად მუშაობს და მუდმივად ხელს უწყობს NATO-ს ყველა ოფისში და მათ შორის ჩემს ოფისში საქართველოს ინტერესების აქტუალიზაციას. ვფიქრობ, რომ მის მცდელობებს მოაქვს კონკრეტული შედეგები.
დიახ, საქართველო ყოველთვის არის NATO-ს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოს მზადება NATO-ს მომავალი წევრობისთვის და ასე გაგრძელდება 2019 წელს. ველოდები NATO-ს მაღალჩინოსნების ვიზიტებს საქართველოში, NATO-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს მომავალ წელს და პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელებას“,- განაცხადა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ.