21 მაისს, 20:00 საათზე, „თბილისი ივენთ ჰოლში" ქართული ლეგენდარული ბენდის „მძიმე ჯვარი" რეიუნიონი შედგება. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ამ შემადგენლობით ბენდმა ბოლოს 2006 წელს დაუკრა. მისი წევრები არიან ლევან ბეიტრიშვილი - ვოკალი, მამუკა ჩიხლაძე - გიტარა, ლევან კაპანაძე - ბას გიტარა. ამ შემადგენლობით ჯგუფი 20 წლის წინ გამოჩნდა. 90-იან წლებში ისინი ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი პიონერები იყვნენ. პირველი ალბომი „მძიმე ჯვარი VOL1" 1997 წელს გამოვიდა, 2002-ში კი „მძიმე ჯვარი VOL2" წარუდგინეს მსმენელს. 2007 წელს მოხდა „Fan-X"-ის პრეზენტაცია. სწორად ამ ალბომებში შესულ ნამუშევრებს წარუდგენს „მძიმე ჯვარი" თავის მსმენელს. ამასთანავე, ღონისძიებაზე შედგება საინტერესო კოლაბორაცია ეთნო-ჯგუფ „გორდელასთან" - ეს ერთგვარი ექსპერიმენტი და სიურპრიზი იქნება კონცერტზე მისული მსმენლისთვის. „მძიმე ჯვარი" ქართული როკის ლეგენდადაა აღიარებული, ჯგუფმა შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში არსებულ რთულ ვითარებაში, 90-იან წლებში დაიწყო. სწორედ იმ პერიოდის გარემომ უბიძგა ჯგუფს დაეწერათ ჰიტი „მიყვარხარ"" და უკვე შემდეგ გამოსული ალბომების მეშვეობით მსმენელის რამდენიმე თაობა აღეზარდათ.