logo_geo
eng_logo
მიხეილ ბულგაკოვის თბილისელი მემკვიდრე: ყოველდღე ვტკბები თბილისის ხედებით...
- +

24 თებერვალი. 2016. 23:11



ცნობილი რუსი მწერლისა და დრამატურგის  მიხეილ ბულგაკოვის შთამომავალი ბიძის მხრიდან, ასევე მიხეილი, თბილისში ცხოვრობს. რომანის „ოსტატი და მარგარიტას" ავტორის გვარის გამგრძელებელი,  33 წლის მიხეილ ბულგაკოვი  საქართველოს შეესისხლხორცა. ამბობს, რომ ძალიან უყვარს აქაურობა და სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლაზე არასდროს უფიქრია.  იგი სასტუმო „ტერასას" რესტორნის მენეჯერია.  მწერალ მიხეილ ბულგაკოვთან მისი ნათესაური კავშირის დეტალებზე "სითი კვირა" თავად მიხეილ ბულგაკოვს ესაუბრა.



- გვიამბეთ თქვენი დიდი ბაბუის შესახებ, როდის დასახლდნენ საქართველოში?


- მე ვარ მწერალ მიხეილ ბულგაკოვის ბიძაშვილის შვილთაშვილი. მე და ჩემი ძმა მეოთხე თაობა ვართ.   ჩვენი დიდი ბაბუა სერგო ბულგაკოვი მეორე მსოფლიო ომის დროს, თავის გადარჩენის მიზნით გამოიქცა რუსეთიდან საქართველოში და  წალკაში დასახლდა. აქ  გაიცნო ელენე ნასონოვა  და მასზე დაქორწინდა.  ორი ვაჟი შეეძინათ.  როდესაც მამაჩემი - იგორი 15 წლის იყო, ის მამამ მიატოვა და რუსეთში დაბრუნდა. მას შემდეგ არაფერი ვიცით  მის შესახებ... არ ვიცი, რა ბედი ეწია... ამის გამო მამაჩემი ძალიან განაწყენებული იყო. მან მშობელი მამის სახელის ხსენება, რომელმაც მიატოვა, ყველას აუკრძალა. წლების შემდეგ ბებია მეორედ გათხოვდა, უკვე ქართველზე და მესამე ვაჟი შეეძინა.  ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში დაიწყო მამაჩემმა დამოუკიდებელი ცხოვრება.  ჩამოვიდა  თბილისში და  5 მანეთით ააწყო ცხოვრება. ღამის სკოლაში სწავლობდა და პარალელურად პროფილაქტიკაში  მუშაობდა.  თბილისში ბელორუსი გოგონა  გაიცნო და შეუღლდნენ. ჰყავთ ორი ვაჟი ( მე და ჩემი ძმა) და  სამი შვილიშვილი.


- როდის გაიგეთ, რომ თქვენი წინაპარი ცნობილი მწერალი მიხეილ ბულგაკოვი იყო?


- ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდით წალკაში ბებოსთან. 9-10 წლის ვიქნებოდი, როდესაც ბებომ  მიამბო, რომ თურმე მწერალ მიხეილ ბულგაკოვის ნათესავები ვართ. ამის შესახებ მეტი არაფერი ვიცი.  თუ ეს ასე არ არის, ალბათ  მოვუტყუებივარ ოდესღაც ბებიას. დღემდე მჯერა რომ ასეა... მამაჩემი კი ამაზე არ საუბრობს. ის უცნაური კაცია.


 - რატომ გაუჩნდა ბებიას ამის თქმის სურვილი?


- ალბათ, იმიტომ, რომ მწერალი გავმხდარიყავი.


- თუ ეკონტაქტებით მწერლის ნათესავებს?


- არ ვეკონტაქტებით. ცივი  ხალხია, ჩვენგან ძალიან განსხვავდებიან.


- ასეთი დამოკიდებულება რატომ გაქვთსაიდან გაჩნდა ბზარი ურთიერთობაში?


- ეს მოხდა ჩემამდე და მერე, მეც რომ გავიზარდე, თავისთავად იგივე აზრი ჩამომიყალიბდა.


- ვისი სურვილით  დაირღვა  თქვენ შორის კავშირი?


- მამაჩემი საუბრობდა ამაზე. მას შემდეგ რაც მამამ მიატოვა,  აღარ გასჩენია  ამაზე საუბრის სურვილი. ეს მისთვის მტკივნეული თემა იყო და ოჯახში ამაზე საუბარი ავკრძალეთ.  არც მათ აქვთ ჩვენთან ურთიერთობის დიდი  სურვილი.


 - რა გსმენიათ მწერლის შესახებ, ალბათ ორმაგი მონდომებით გაეცანით მის შემოქმედებას, როცა თქვენს შორის ნათესაური კავშირის შესახებ შეიტყვეთ?


- ვიცი, რომ უცნაური პიროვნება იყო. სხვანაირი ხედვა ჰქონდა,  განსხვავებულად აზროვნებდა. „ოსტატი და მარგარიტა" იმდენად სიღრმისეულად და ორაზროვნად აქვს დაწერილი, რომ სტალინი ვერ გაერკვია მის დედააზრში.  ბულგაკოვი იმ ეპოქის  ერთადერთი მწერალია, ვინც სტალინმა არ გასწირა.  ბულგაკოვმა  მას შესთავაზა, - თუ გინდათ თქვენზეც დავწერ რამესო.  უმჯობესია  ეგ არ გააკეთოო, -  უთქვამს სტალინს. როგორც ჩანს, მისი რომანი მოეწონა ბელადს.


- თქვენ მისი რომელი ნაწარმოები მოგწონთ?


- "ძაღლის გული", „ოსტატი და მარგარიტაზე" მაგარი კი,  არცერთი არ არის.


- თქვენ სად დაიბადეთ, სკოლა სად დაამთავრეთ?


- მე თბილისში დავიბადე. დედაჩემიც თბილისელია. ქართული ენა მამაჩემმა მასწავლა. მისი სურვილით  დავამთავრე ქართული სკოლა, თბილისის #105 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი.  სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა. 14 წლიდან ვმუშაობ. ჩემმა ძმამ, ოლეგმა რუსული  სკოლა დაამთავრა.


- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?


- სკოლის დამთავრების შემდეგ მიმტანად ვმუშაობდი  რესტორან „იმერეთში".  20 წელია, ამ სფეროში ვარ.  ეს საქმე მომწონს,  ძალიან საინტერესოა,  სწავლობ ეთიკას, ქცევას, ვურჩევ კლიენტებს, რომელი კერძი დააგემოვნონ  და სხვა. თან ერთგვარი ფსიქოლოგი ხდები.   ვგრძნობ, ხალხს შემოსვლისას რა უნდა... თუ კლიენტი ცუდ ხასიათზეა,  უნდა გაახალისო.  ამისთვის არსებობს საგანგებო  ეტიკეტი, მომსახურების სხვადასხვა სერვისები - ეს ყველაფერი ჩემით ვისწავლე.


- თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრიხართ?


- ვემსახურებოდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, აწ გარდაცვლილ, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც. გარკვეული ხანი  რიტუალების სასახლეში ვმუშაობდი მიმტანად და იქ ვემსახურებოდი ბადრი პატარკაციშვილს. მისი მადლიერი ვარ,  მან გამიშვა საფრანგეთში ათდღიან კურსებზე, სადაც გავიარე ეთიკის კურსები. შევარდნაძე ბადრისთან ხშირად სტუმრობდა,  სწორედ მაშინ გავიცანი.  მიხეილ სააკაშვილს სასტუმრო „ჰოლიდეი-ინნ"-ში ვემსახურებოდი. ერთადერთი ვიყავი, ვისაც ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, სააკაშვილი მოდის და მანდ იყავიო.  მოსწონდა ჩემი მომსახურება. სავახშმოდ შემოდიოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილთანაც ვმუშაობდი, მაშინ „მერიოტის" გამოძახების  სერვისში ვმუშაობდი და ხშირად მიწევდა ივანიშვილის  სასახლეში ყოფნა. ამის  შემდეგ შემომთავაზეს სასტუმრო „ტერასაზე" რესტორნის მენეჯერად მუშაობა და ეს, რასაკვირველია, კარგი შემოთავაზება და წინსვლა იყო ჩემთვის.  ყოველდღე ვტკბები თბილისის ხედებით და  მსიამოვნებს აქ მუშაობა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner